ქუჩაში შემხვედრი მოწყალების მთხოვნელი ბავშვია, ბავშვი რომელიც, წესით დღეს სკოლაში უნდა მიდიდოდეს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ დიანა სკოლაში არ დადის. არც სურვილი მაქვსო ერთხელ მითხრა კიდეც. ყოველ მის დანახვაზე მახსენდება ,,ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...“
მახსენდება იმიტომ, რომ ეს შეკურთხება თავადაც მომისმენია. მეჩვენება , რომ ადამიანები, უამრავი პრობლემებით უბრალოდ ვიღაცას ვეძებთ. ვეძებთ, რომ შევქმნათ ჩვენს ცნობიერებაში დამნაშავე და მას გადავაბრალოთ საკუთარი წარუმატებლობა. ხოლო დამნაშავე ვინ უნდა იყოს თუ არა მოწყვლადი ჯგუფის წევრი.
დიდ ამბიონებს ვინ დაადანაშაულებს, დიდი და პატარა კაცის ამბის გამო, სადაც არ სჯობს აკი გაცლა სჯობს. სოციალური უსამართლობა, თუ გნებავთ დანაშაული რიგ შემთხვევებში წახალისებულია. მერე რა, რომ ბოშას შეუკურთხეს განა არ იყო შესაკურთხებელი? მერე რა, რომ ცოლს სცემეს, ალბათ საცემი იყო კიდეც! საზოგადოებას რომელიც ყანწით ამბობს მანდილოსნის სადღეგრძელოს მაგრამ 3 თვეში 15 ქალის მკვლელობაზე რეაქცია არ აქვს და პოულობს მიზეზებს მკვლელობების გასამართლებლადაც კი, რა თქმა უნდა არ გაუკვირდება და მით უფრო არ გაკიცხავს შემკურთხებელს, თანაც ბოშა ქალისას.
ადამიანებს და საზოგადოებას სურვილი გამოარჩევს, სურვილის დროს ვხვდებით ვინ ვართ ჩვენ და რისთვის ვიღწვით, აკი გულისთქმასაც განსჯის უფალი, რომლისთვისაც ,,არავინაა არც ბერძენი, არც ებრაელი, არც მონა, არც თავისუფალი, არც კაცი და არც ქალი, რადგან ყველა ერთია იესო ქრისტეში“... და რადგან ასეა ბოშა ქალის შეკურთხებაც, საკუთარი დედისაც , რომელსაც ნებისმიერ კუთხეში მოისმენთ, მიუხედავად იმისა შეისმევა თუ არა მისი სადღეგრძელო დიდი ყანწით და გვექნება თუ არა ქალის კი არა უკვე დედის კულტიც, სოციალური უსამართლობით გამოწვეული, უნდა ვიღწოდეთ უსამართლობის გამომწვევი მიზეზების მოსასპობად, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვიქნებით ადამიანზე, როგორც უმაღლეს ღირებულებაზე ორიენტირებული საზოგადოება.
No comments:
Post a Comment