20 სექტემბრის გვიან ღამის სიჩუმეს ერგნეთში მხიარული ხმები, სროლები და ფოიერვერკები აყრუებენ. ცაში ნაირფერი მოზაიკა იფრქვევა. ცხინვალში ე.წ. „დამოუკიდებლობის‘’ დღეს ზეიმობენ. ოკუპირებულ ტერიტორიას არჩევანი გააკეთებინეს, არჩევანი მათ-არადანი ჩვენ.
ტელევიზიაში კი, ოსურ არხზე ლაპარაკობენ, თუ როგორ გადაიგდეს ,,ფაშისტური უღელი“ დიდი ძმის დახმარებით, ლაპარაკობენ მიღწევებზე, აჩვენებენ სამხედრო აღლუმის კადრებს, მოსახლეობის ,,სიხარულს“, თითქოს ,,გაიმარჯვეს’, მაგრამ მათ სახეებს საერთოდ არ ეტყობა, რომ საზეიმოდ აქვთ საქმე, გაყინული მზერა, უსიხარულო გამომეტყველება. ალბად არ ეზეიმებათ. არც ჩვენ. ,,ლაპარაკის სწავლას 2 წელი უნდა. დუმილის სწავლას კი ალბად 50 წელიც არ ეყოფა ‘’ (ერნესტ ჰემინგუეი). დუმილიც ყოველთვის არ არის ოქრო. ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, ოკუპირებულ ერგნეთში დამწვარი სახლების რეაბილიტაცია იწყებაო, საჯარო მოხელე, რომელსაც გარკვეული კომპეტენციის საფეხური უკავია, მეკითხება, ქალბატონო ლია, როგორ გადადიხართ სახლში, ოსები თავისუფლად გატარებენო? მოხელე, რომელმაც არ იცის ერგნეთი ოკუპირებულია თუ საქართველოს იურისდიქციის ქვეშაა (ღვთის მადლით), შეიძლება თვითმმართველობის სახეს წარმოადგენდეს? ტაქსის მძღოლი, რომელსაც ვთხოვე სახლში წაყვანა, მეუბნება, რას ამბობთ ქალბატონო, თავი კი არ მომძულებია, ოსებმა ციხეში გამომაწყვდიონო. ვაი ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ვცხოვრობთ! თავიც მოძულებული გვაქვს და სიცოცხლეც. ხალხის დიდმა ნაწილმა არ იცის ჩვენი გასაჭირი. თითქოს დალაგდა არჩევნების შემდეგ ყველაფერი. გამგებელი, გამგებლის წარმომადგენელი, დეპუტატი ჯერ არ გამოჩენილან, მოვლენ ალბათ! სამაგიეროდ ყველა მეკითხება,მართლა იხსნება ერგნეთის ბაზარიო? ყველა ტრიბუნიდან ვამბობ,რომ ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს განსაკუთრებული საჭიროებები აქვს და განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება.(ამაზე შემდგომ). მოვითხოვ! იმ ხალხს,ვისაც რაიმე ფორმით ევალება ე.წ. გამყოფი ხაზის სოფლების პრობლემებზე წერა ან საქმიანობა, ჩაუტარდეთ ტესტირება საქართველოს გეოგრაფიასა და უახლეს ისტორიაში. ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები!

No comments:
Post a Comment