![]() |
| გვანცა დოლუაშვილი |
საღამომშვიდობისა,
არა, ეს სულაც არ მიკვირს, რადგან ის, ვისაც შეუძლია, ათასობით ადამიანს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ფულზე გაყიდული უწოდოს და ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის არსებობა წამითაც ვერ დაუშვას, უსიამოვნო კითხვის დამსმელ ჟურნალისტს „ფოსტალიონობას“ რატომ ვერ დასწამებს?
და მაინც, მოდი, ეს საკითხი გვერდზე გადავდოთ, რადგან სხვა ფიქრი მეტად მაღონებს.
მგონი, გულმავიწყი პრემიერი გვყვავს. ვეჭვობ, ავიწყდება, რომ ჩვენს ქვეყანაში მათ ხელისუფლებას მოყოლილ მაღალჩინოსნებს, თითქმის ყოველ კვირა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით, აკავებენ.
და თუ გულმავიწყი არ არის, მაშინ მისი პასუხისმგებლობის გრძნობის შესაძლო განუვითარებლობა მაშინებს. მით უფრო, რომ გუშინდელმა პრესკონფერენციამ დამანახა, ამ შიშს მყარი საფუძველი აქვს - პრემიერი საკუთარ კადრებს ბრმად ენდობა.
რუსული ბევრი არაფერი მიყვარს, მაგრამ ეს ანდაზა მომწონს - „ენდე, მაგრამ შეამოწმე“. პრემიერი მხოლოდ პირველზეა თანახმა. აი, მეორეზე კი კატეგორიულად გვიცხადებს უარს.
არადა, წესით, მთავრობის მეთაური, რომელსაც მინისტრთა კაბინეტი ლამის თავზე ჩამოემხო, საკუთარი საკადრო პოლიტიკის სისწორეში ასეთი დარწმუნებული ვერ უნდა იყოს.
ესეც ცალკე თემაა, ამიტომ აღარ გავაგრძელებ, საკითხს დავუბნრუნდები, გუშინდელ პრესკონფერენციაზე ვამბობდი - პრემიერი ვერ გრძნობს „თრიალეთის“ ჟურნალისტის მიერ, შიდა ქართლში სახელმწიფო რმუნებულ-გუბერნატორის შესაძლო ბიზნესინტერესების შესახებ, მიწოდებული ინფორმაციის შესწავლის, გარკვევის და გადამოწმების ვალდებულებას. ინფორმაციის მიწოდების გამო უკმაყოფილოა და ცხარობს, გუბერნატორის მიმართ მის ნდობას ხუხულასავით ჩამოშლის საფრთხე რომ დაემუქრა.
პრემიერმა გვითხრა, რომ ნორმალურ ქვეყანაში, ამ ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლებდა.
ამის მოსმენა ცოტა არ იყოს, გამეხარდა, რადგან ვიგრძენი, რომ მე და პრემიერი ერთ საკითხში მაინც ვთანხმდებით - ნორმალურ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ.
ისე კი, ამის უარყოფას აზრი არ აქვს, რადგან ნორმალურ ქვეყანაში მთავრობის მეთაური მიღებული ინფრომაციის გადაწმომების პირობას მაინც მოგვცემდა.
მავანი ტონს აუწევს და იტყვის, ჟურნალისტს გადაემოწმებინაო. ამიტომ, აქვე დავძენ, ქვეყანაში, სადაც რწმუნებულ-გუბერნატორს საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში ის სახლიც კი არ აქვს მითითებული, რომელსაც იჩემებს, სიმართლისთვის მარტო ბრძოლა ძალიან რთულია.
ახლა კი, წავალ, დავიძინებ.
ჩემს არანორმალურ ქვეყანაში ღამეა, ბნელა.

No comments:
Post a Comment