ნოდარ სხირტლაძე
დღეებია, ვფიქრობ,
რას ნიშნავს „24 საათის განმავლობაში“ მუშაობა.
იმასაც ვფიქრობ, ვინაა ჩვენს რეალობაში ასე დატვირთული. ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვთქვა, რომ ბევრი ფიქრის
მიუხედავად (ინტერნეტშიც
ბევრი ვეძებე), ასეთი ადამიანი ვერ ვიპოვე. ამიტომ ისევ ვოლსკის და იმ „ოცნება ქალის“
განმარტებებს დავჯერდები-- 24 საათის განმავლობაში თბილისის მერის მოადგილეები და რაიონების
გამგებლები მუშაობენ.
ამ ყველაფერმა
2012 წლის ივლისში კახეთში მომხდარი სტიქია გამახსენა. მაშინ დაზარალებულებს დაახლოებით
1 500 ლარიანი კომპენსაცია მისცეს. გამგებლებმა და საკრებულოს
თავმჯდომარეებმა კი საკუთარ თავს 2 000 ლარიანი პრემია გამოუწერეს.
აღშფოთებამ მოიცვა „ოპოზიციური“
ოცნება. ოცნების
აღშფოთებას აკო მინაშვილმა უპასუხა -ეს ადამიანები დღე-ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად
მუშაობდნენ და სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა პრემიის აღებაო.
საბედნიეროდ სტიქია
არ გვქონია უახლოეს ერთკვირიან წარსულში, სამაგიეროდ სახელფასო დანამატი (თუ რაღაც
ამდაგვარი) გვაქვს.
თუ დავწვრილმანდებით,
ეს მაინცდამაინც ურცხვი საქციელი არაა. ბოლოსდაბოლოს სასჯელაღსრულების სამინისტროში
30 და 40 ათასიანი პრემიები „გავატარეთ“. თანაც არ დაგვავიწყდეს,
ცხრა წლის განმავლობაში იძარცვებოდა ბიუჯეტი (ჩვენც) და რაღაც ასი ათას ლარს ხომ არ გადავაყოლებთ
ჩვენს ახალ ხელისუფლებას?
ნეტავ ცხრა წელი საერთოდ
არ ყოფილიყო რა. არც მანამდე შევარდნაძის
11 წელიწადი ყოფილიყო. ხომ ვიტყოდი არა გრცხვენიათ მეთქი? მაგრამ რა ვქნა, ამ
ცხრა წელშიც ვიცხოვრე და იმ თერთმეტ წელიწადშიც.
თერთმეტს ცხრა სჯობდა, ცხრას კი ორი (ჯერ) სჯობს.
ჩვენც ასე ვტრიალებთ
ერთ წრეზე. „ოღონდ ისინი არ მოვიდნენ და ამათ რაც უნდათ, ის უქნიათ“- ამ ფრაზის გამოა,
რომ სხვები თუ ორი ნაბიჯით მიდიან წინ, ჩვენ
ნახევარ ნაბიჯსაც ვერ ვდგამთ.
„დიდ თანხასთან
და შესაძლებლობებთან აქვთ შეხება და ცდუნებას რომ არ აყვნენ, ხელფასიც ადეკვატური უნდა
იყოს“ -- კარგი ფრაზაა. ჩემი მეგობარი ერთ-ერთ ბანკში მუშაობს და ყოვედღე 10 ათას ლარზე
მეტი გადის მის ხელში (ასე მეუბნება ყოველშემთხვევაში), აუცილებლად
ვურჩევ ცდუნებისაგან თავდასაცავად დანამატი მოითხოვოს, ან ისევ კეთილსინდისიერად გააგრძელოს
მუშაობა.
ალაბათ დღეს ქვეყანაში
ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, თუ როგორ მოვარგოთ საჯარო სამსახური კონკრეტული ადამიანის
მოთხოვნებს და არა პირიქით.
პ.ს. მართლა
ვეცადე წარმომედგინა იმ ადამიანის ფიზიონომია,
რომელიც მთელი დღის დამქანცველი მუშაობის შემდეგ ცდილობს ერთი საათით მაინც მოატყუოს
თვალი. ფხიზლად სძინავს, რადგან მზადაა ყოველ წამს ფეხზე წამოხტეს და ყოველდღიური რუტინა
განაგძოს. ასეთად მხოლოდ მრავალშვილიანი დედა წარმოვიდგინე.

No comments:
Post a Comment