Friday, October 10, 2014

ქვეყანა ავად არის, ავად ვართ ჩვენც…

თამარ მურალოვა 
,,კაცი რომ ხელებს დაიბანს და იტყვის აწი რაც ვაშენე და ვაკეთე საკმარისია ახლა სხვებმა აშენონო,  იმ დღიდან  ანგრევს რაც კი შეუქმნია და აუშენებიაო” დიდი ოტიას სიტყვებია.  ჩვენ დიდი ვერაფერი ბედენა ხალხი ვართ,   დიდი აღმშენებლობებით რომ თავი მოვიწონოთ, მაგრამ სამაგიეროდ  მაგრები ვართ აშენებულის დანგრევაში, სხვის ლანძღვაში, გაქილიკებაში, შურსა და ბოროტებაში ( განსაკუთრებით თუ ვინმე ჩვენში  კარგი გამოერია)  დავკორტნით,  მოვთხრით,  ასე რომ  ძალიან  „ზომიერები“ ვართ  სიკეთისა და კარგის დანახვაში.
  ვცხოვრობთ და ვცოცხლობთ    რატომღაც  სულ რაღაცის დამთავრების   და   რაღაცის დაწყების მოლოდინში, სულ ვიღაცას ვბაძავთ და ამასობაში ჩვენი  მისაბაძი ვიღაცას მიაქვს,  ვიღაცას ვემსახურებით და ჩვენი ოხრად გვრჩება. ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომებაო და ვცდილობთ ფესვები დავაგლიჯოთ ვისაც ის ჯერ კიდევ შერჩენია.  ქვეყანა ავად არის, ავად ვართ ჩვენც,  ავადმყოფობასთან   ერთად  გამოთაყვანებაც  დაგვემართა,  სამაგიეროდ  გვაცოცხლებს   უცბად ავარდნილი  ხელოვნური,  მხოლოდ და  მხოლოდ  ვიღაცეების  საკუთარი  ,,გაპიარებისთვის” გამზადებული თემები, რომლებიც  ისევ და ისევ დროს გვაკვლევინებს.  რადგან  ჩვენ  დემოკრატობაზე თავებს ვდებთ   და   ეს დალოცვილი დემოკრატიაც, ასერიგად რომ მოგვწონს  ისიც მაცდურად თვალს გვიპაჭუნებს და გვახსენებს  „დემოკრატიას  თავი უნდა, კისერზე დადებული თავების ხანდახან  შენჯღრევა მაინც  უნდაო“,  და  ჩვენ   კიდევ   ერთმანეთს გაკვირვებულები შევყურებთ,  ვიღაცას მშველელს ვეძებთ, ამასობაში  ვაწვებით ურემს,  ვაბრუნებთ და ვიწყებთ ისევ თავიდან, ახლიდან, ამასობაში მივდივართ, რადგან  იქ წაუსვლელობაც არ შეიძლება, ბუნების კანონზომიერებაა, და ვუტოვებთ... რას ვუტოვებთ, ვის ვუტოვებთ მივდივართ და მიგვაქვს დარდი და საფიქრებელი. ისიც ვიცით რომ ადაბადან და ბაბადან  ასე იყო  და ძალა აღმართსაც ხნავდა, მაგრამ თავს ვიმართლებდით ყოველთვის, რავქნათ არ გვეგონაო. ისიც ვიცოდით, გვეგონებოდა, მაგრამ დაგვვიწყებია დიდი ილიას შეგონება, რომ  „შვილმა  უნდა იცოდეს   სად და რაზე გაჩერდა მამა, რომ იქიდან დაიწყოს ცხოვრების უღლის წევა, შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს რაში იყო  მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად და  რა კეთილი–ავად,  რა უმართავდა ხელს,  რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, რისთვის და რაში  უქმობდა, უამისოდ თვითონ შვილი რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ემგავანება  და  დ გურამიშვილისა არ იყოს  ამ წუთისოფელში ვერას გახდებაო“  წესით ილიას შეგონება  ახალგაზრდასაც და ძველგაზრდასაც  ყველას  ერთნაირად  გვჭირდება,. მაგრამ, ვიღაცის უხილავი ძალა ცდილობს ამოძირკვოს მამა–პაპათა ნაღვაწი, ცდილობს ამოძირკვოს ჩვენი საერთო ისტორია. ცდილობენ დაგვავიწყონ ძველი, რომელიც ჯერ კიდევ გამოსადეგი და საჭიროა ჩვენთვის.  ძველი რომელზეც უნდა  ავაშენოთ ჩვენი მომავალი.

9 აპრილს, ცხინვალსა   და   აფხაზეთში,  სამაჩაბლოში   დაღვრილ სისხლზე,   გვინდა თუ არა ასეთ მაგალითებზე უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი, ამ ფუძეზე უნდა  იზრდებოდნენ ჩვენი თაობები. თუ არა და მაშინ ჩვენ განწირულები ვართ, რადგან ქართველი სხვას, უცხოს  სამუდამოდ ვერასოდეს ვერ ეგუება  და ვერც შეეგუება,   გვახსოვს და მომავლებსაც უნდა ახსოვდეთ რომ  „აქვე ახლოში“ ჩვენ გვყავს ჟიული შარტავა, გიორგი ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები და კიდევ ბევრი და ბევრი გმირი ვაჟკაცი, რომლებმაც  უპრეტენზიოდ თავი გასწირეს, და კიდევ ისინი ვისაც  სამშობლოს მიწაც კი არ ეღირსათ, და არავინ არ იცის  .......ოდესმე მაინც თუ ეღირსებათ ..?!

No comments:

Post a Comment