ბოლო დროს გორში (და
მთელ საქართველოში) ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებში დაგეგმილი კონკურსის თემაა აქტუალური. ტესტირება-გასაუბრებისთვის
ვემზადებით ყველა - საჯარო მოხელეებიც, ყოფილი მოხელეებიც, ახალგაზრდებიც, ძველგაზრდებიც, პარტიისთვის თავგადაკლულებიც, უპარტიოებიც და უბრალოდ სამსახურის მაძიებლებიც.
საქართველოს კონსტიტუციით
თუ სხვა კანონებით ერთბაშად ამდენი დაინტერესებული პირი ჩვენს ქვეყანას ალბათ არც ახსოვს. კარგია. გამოცდებს თუ ვერ ჩავაბარებთ, კანონნასწავლები
ხომ მაინც ვიქნებით =D... მოკლედ ვემზადებით
რამდენიმე ასეული ადამიანი და გაფაციცებით ველოდებით ვაკანსიების გამოცხადებას.
ვაკანსიების
მომლოდინენი გარდა იმისა, რომ კონსტიტუციას
სხვადასხვანაირად აღვიქვამთ, დაგეგმილ კონკურსსაც
სხვადასხვა შეფასებას ვაძლევთ და შესაბამისად კონკურსისთვისაც სხვადასხვანაირად ვემზადებით.
კანონების შესწავლის წყურვილის და ზოგადი უნარებით დაინტერესების პარალელურად ათასი მითქმა-მოთქმა და ერთმანეთში აზელილი ჭორ-მართალიც ვრცელდება. ერთნი
თუ ფიქრობენ, რომ კონკურსი ობიექტურად ჩაივლის და შესაფერისადაც ემზადებიან, მეორეთა აზრით ყველაფერი ,,ჩაწყობით“
გადაწყდება და ამიტომ ,,მაღალ ეშელონებში ჩამწყობთა“ ძებნით არიან დაკავებულნი.
რათქმა უნდა ეს კატეგორია კონსტიტუციის ცოდნას
დიდ მნიშვნელობას სულაც არ ანიჭებს და ,,ელექტრონული გამოცდის ჩაწყობის ხრიკების და
გაყალბების ტექნოლოგიების“ ამოხსნას ცდილობს (ღმერთმანი ასეთი რამ თუ არსებობს არ მჯერა).
მირეკავენ, მწერენ და რჩევას მეკითხებიან, შენ
მანდ მუშაობ და უფრო მეტი გეცოდინება ვისთან
დავიჭიროთ საქმეო, კანონებთან ჭიდილს ისევ კომპიუტერის შავი ხვრელების აღმოჩენა
- დაუფლება გვირჩევნიაო, ტესტირების ჩაწყობის წესები გაგვიზიარეო და ა.შ. და ა.შ....
ეს კონკურსი ხელისუფლებისთვის უფრო დიდი გამოწვევაა და ამიტომ მგონია, რომ ყველაზე მეტად ისინი არიან
დაინტერესებულნი მოხელეთა შერჩევისა და შეფასების
პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდეს და
კვალიფიციურმა ადამიანებმა დაიწყონ გორის მუნიციპალიტეტში (და მთელი საქართველოს
მასშტაბით) მუშაობა.
მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და იმისი იმედიც მაქვს,
რომ ამ კონკურსით ჩაწყობა-ნაცნობობის ხანა დამთავრდება და ეს კონკურსი ევროპულ გზაზე დამდგარი საქართველოს
ახლებური ცხოვრების დასაწყისი იქნება. შეიძლება
ძალიან ამაღლებულად ჟღერს, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობ.
შეიძლება ისიც გაგიკვირდეთ, ამ სამსახურის გარეთ თუ დავრჩი არც ამაზე დამწყდება
გული, რადგან მეცოდინება რომ ჩემზე უკეთესი აგრძელებს ჩემს ადგილზე მუშაობას.
და კიდევ...
მჯერა, რომ
კონკურსის შემდეგ ახალი ცხოვრება იწყება; ზოგი
სამსახურს დავკარგავთ, ზოგი შევინარჩუნებთ, ზოგი ახალს დავიწყებთ და მოგვიწევს იმის გააზრება, რომ ყველამ ჩვენი საქმე
უნდა ვაკეთოთ, რომ საჯარო სამსახური დასაქმების ბიურო არაა და ჩვენზე უკეთესებიც არსებობენ.
ვეცადოთ გავხდეთ უკეთესები.

No comments:
Post a Comment