Tuesday, October 21, 2014

მოედნის გეოპოლიტიკა, ანუ ეს ომი სტალინმა არ უნდა მოიგოს

„არ არსებობს ისეთი  მტერი ქვეყნისათვის, 
როგორიც კოლონიზატორების მიერ გაზრდილი ინტელიგენციაა“ 
ჯავაჰარალ ნერუ

ივანე კოპაძე

რამოდენიმე თვის წინ ქალაქ გორში მეტად საინტერესო ფაქტი მოხდა. 64-მა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდამ პეტიციას მოაწერა ხელი, გორის მთავარ მოედნისთვის „ევროპის“ სახელის მინიჭების შესახებ. ამ ფაქტს სოციალურ ქსელებში და დაინტერესებულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა. ინიციატივის ავტორებს ხან უწიგნურობა დაბრალდათ და ხანაც ცრუ ლიბერალობა. მათი დამცველი კი შედარებით ნაკლები აღმოჩნდა ვიდრე მოწინააღმდეგე, რომლებიც ძირითადად ახალგაზრდებზე 10 და მეტი წლით იყვნენ უფროსები.


ამ ამბის შემხედვარე ალბათ ბევრს დეჟავუ დაემართა, რადგან ქართულის გაკვეთილებზე ნასწავლი მამათა და შვილთა ბრძოლა ფაქტობრივად ჩვენ თვალწინ გაცოცხლდა. უფროსი თაობა თავგამოდებით ამტკიცებს, რომ გორის მთავარ მოედანს ევროპის სახელი არ უნდა ერქვას. ამის არგუმენტები კი მრავალნაირია.

 ნაწილი ამბობს, რომ სტალინის სახელს გორში ტურისტები მოყავს, ნაწილი პრობლემას მენტალობაში ხედავს და აცხადებს, რომ სახელი ვერაფერს შესცვლის თუ აზროვნების შემოტრიალება არ მოხდა, უფრო დესტრუქციულები და აგრესიულები კი თავგადმოდებით იცავენ სიტყვა სტალინს და შეფარვით თუ ღიად ხოტბას ასხამენ იმ „დიდი“ ადამიანის სახელს, რის დასამტკიცებლადაც ახალგაზრდების უხეშად მოხსენიებას არ ერიდებიან.

თავად ფაქტი, რომ ორი თაობა ერთმანეთს უპირისპირდება მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. ეს ახალი სისხლის გამოღვიძებას ნიშნავს, რომლებსაც მობეზრდათ საბჭოთა ნომენკლატურის მიერ გამოზრდილი ყოფილი თუ მოქმედი ჩინოვნიკებისგან ჭკუის დარიგება. მობეზრდათ უგემოვნო ჩითის კაბებზე და 37 მანეთად ნაყიდ მოსკოვის ბილეთებზე ნოსტალგია. 

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისტორია ყველაზე კარგი მასწავლებელია, მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ მამათა და შვილთა თაობის დაპირისპირებაში ის ყოველთვის შვილების მხარეზეა. მაგალითად რა შენიშვნა უნდა მოეთმინა ილია ჭავჭავაძეს გრიგოლ ორბელიანისგან, რომელმაც 1841 წელს გურიის გლეხთა აჯანყება სისხლში ჩაახშო? ან რა უნდა გაეთვალისწინებინა ალექსანდრე ჭავჭავაძისგან, რომელიც ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი იყო, რადგან ჯერ რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყების გამო დააპატიმრეს 1804 წელს, რის შემდეგაც  1812 წელს კახეთის აჯანყების ჩასახშობად რუსული არმიის მხარდამხარ იბრძოდა თანამემამულეების წინააღმდეგ.

არავის ეგონოს, რომ დღეს რაიმე შეიცვალა, უბრალოდ პერიოდის ცვლილების გამო მოქმედი პერსონაჟების სახელებია სხვა. ვისგან უნდა მიიღონ ახალგაზრდებმა შენიშვნა? იმ ხალხისგან ხომ არა, რომელსაც ერთი საპროტესტო გამოსვლაც კი არ ჰქონია, როცა გორის ამჟამინდელ საკათედრო ტაძარში ხან საწყობი გახსნეს და ხანაც გასართობი ცენტრი? არა ბატონო! არ მოუხდება ამ ხალხს ჭკუის დამრიგებლის როლი. ვერ მივიღებთ შენიშვნებს, რადგან თქვენ ის თაობა ხართ, რომლებიც იმ კაცის სახელს იცავთ ვისი მმართველობაც 800 000-მდე სიკვდილმისჯილს და 2,5 მილიონამდე ბანაკებსა და ციხეებში გაგზავნილ ადამიანს ითვლის. 

- „იმპერია სხვანაირად ვერ აშენდებოდა შვილო“ (ვინმე სტალინის დამცველი)
ვერც დემოკრატია ვერ აშენდება სხვანაირად ჩემო ბატონო. სანამ საბოლოოდ არ ამოშანთავ დადებით გრძნობებს მკვლელზე, სანამ საბოლოოდ არ იტყვი, რომ შენი თანაქალაქელი ქვეყნის  სირცხვილია, მანამ ვერ აშენდება დემოკრატია. 

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ ევროპის მოედანი და არა ვთქვათ თავისუფლების, ან რატომ არა სხვა სახელწოდება?  იმიტომ, რომ საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებას ილია მეორეს თუ დავესესხებით საქართველო სწორედ ევროპისკენ ისწრაფვის და თავის განვითარებას ევროპულ ოჯახში ხედავს. ევროპა როგორც აბსტრაქცია და ღირებულებების აღმნიშვნელი სიტყვა ჩვენთვის ის პანაცეაა საითკენაც ჩვენი წინაპარი მუდმივად მიილტვოდა.

დღეს ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ ევროპული მენტალიტეტი არ გვაქვს, რაც მარტივად რომ ვთქვათ დიდი სისულელეა. მონოგამიური ოჯახები, ქალთა უფლებრივი თანასწორობა, კანონის უზენაესობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს სწორედ ის ღირებულებებია რაზეც ევროპის ფუნდამენტი მრავალი წლის წინად ჩაიყარა. 

ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ქალთა ხმის უფლება მსოფლიოს ქვეყნების დიდ ნაწილზე უფრო ადრე გვქონდა და ამით შეეცადოს ახსნას, რომ ეს უფლება ევროპული ღირებულება კი არა უპირველესად ქართული იდენტობის ნაწილი ყოფილა, მაგრამ სამწუხაროდ ესეც ტყუილია. როდესაც საუბარია ღირებულებებზე, აქ უნდა დავაფიქსიროთ ვართ თუ არა ღირებულებების ერთგული, არის თუ არა ეს უწყვეტი? საქართველოს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ზემოხსენებული ღირებულებებისკენ მუდმივი მისწრაფება, მაგრამ ერთგულების კრიტერიუმი კრიტიკას ვერ უძლებს. 

დღესდღეობით საქართველოში გეომეტრიული პროგრესიით ზრდადი მოკლული ქალების რიცხვი და ქალთა მიმართ ძალადობა სწორედ ამის დასტურია. თუ ვინმეს ჰქონია, რომ ევროპა მხოლოდ ერთსქესიან ქორწინების ლეგალიზებასთან უნდა გავაიგივოთ ძალიან შემცდარა, რადგან ევროპისთვის ეს მხოლოდ ვიწრო ჯგუფებისთვის განხორციელებული ერთგვარი დაცვითი ღონისძიებაა (რომელსაცმე არ ვეთანხმები. ავტორის შენიშვნა).

ერთი წლის წინ პრაღაში ყოფნისას სპეციალურად მოვინახულე იან ზაიცის და იან პალახის საფლავები, ადამიანების, რომელთა ძალისხმევამ  60-იან წლებში პრაღის გაზაფხულის მოვლენებს დაუდო საფუძველი. ალბათ ამ ადამიანებსაც ეწინააღმდეგებოდნენ თავის დროზე კომკავშირში თუ რაიკომში გამოზრდილი და კოლექტივიზაციის დვრიტაზე აღმოცენებული უფროსი თაობის წარმომადგენლები, მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანების მცდელობამ აქცია დღევანდელი ჩეხეთი დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ. 

ჩემთვის, მოედნის სახელთან დაკავშირებული პროტესტი, სწორედ  ჩეხი ახალგაზრდების გამოძახილია. ახალგაზრდობა არ უნდა შეუშინდეს მავანთა შეურაცხყოფას, პერმანენტულად უნდა ეცადოს ქვეყნის უკეთესად ქცევას და მუდმივად უნდა იზრუნოს საბჭოთა მავნე ჩრდილიდან გამოღწევაზე, სადაც თავგამოდებით გვექაჩებიან წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლები და დემოკრატიის ქურქში გახვეული ზოგიერთი პოლიტიკოსები. 

ცხადია, რომ ძეგლებთან და მოედნის სახელებთან ბრძოლა შედეგის მომტანი ვერ იქნება ღირებულებების ფორმირებისთვის, მაგრამ ეს იქნება ახალგაზრდობის შეუვალი და სიმბოლური ნაბიჯი, რომ დღეს გორის საზოგადოება საბჭოთა კლანჭებისგან გათავისუფლებას ცდილობს. სწორედ ამიტომ უნდა ერქვას გორის მთავარ მოედანს ევროპის მოედანი, რადგან ეს იქნება დასტური, რომ ახალმა თაობამ სტალინის ძეგლი ევროპისკენ სწრაფვით ჩაანაცვლა.

No comments:

Post a Comment