Tamaz mayaSvili
ფეისბუქის „გორის დარბაზის“ ჯგუფში აქტიური მსჯელობაა გაჩაღებული ეწოდოს თუ არა გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე მდებარე მოედანს „ევროპის მოედანი“. დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს და ვეცნობი მიმდინარე კომენტარებს.ჩემთვის თვითონ პროცესია უფრო საინტერესო ვიდრე შედეგი, რადგან ამ მხრივ წინა ხელისუფლების დროსაც დადგა შედეგი მაგრამ ამან ე.წ„სტალინიზმის სინდრომი“ ვერ ამოშალა ჩვენი ცნობიერებიდან.
ვინაიდან ამ აქტივობას დაერქვა ლიდერთა სკოლის 64 კურსდამთავრებულის აქტივობა მეც ეგრე მოვიხსენიებ და მოკლედ 64-ს ვუწოდებ. აღვნიშნავ, რომ თავის თავად ფაქტი, რომ 64 ახალგაზრდა ავრცელებს ერთობლივ მიმართვას, ამაში ცუდსა და საშიშ ტენდენციას ვერ ვხედავ, პირიქით, მისასალმებელი ფაქტია და ჩემი აზრით, იმსახურებს უფროსების მხრიდან ყურადღებას. დარწმუნებული ვარ, გორის საკრებულო საზოგადოებრივ დარბაზთან ერთად და უფრო ფართო ფორმატშიც, იმსჯელებს ამ საკითხზე, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს ობიექტურ გადაწყვეტილებამდე.
შევეცდები მოგახსენოთ, სად დავინახე ჩემთვის მიუღებელი ორმაგი სტანდარტის ტენდენცია ე.წ. 64-ის მიმართვაში. ის რომ ევროპელები გავხდებით მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტალინის ხსენებას ამოვძირკვავთ, ჩემი აზრით, არ არის სწორი. რატომღაც ასეთი სახე მიიღო ამ თემამ და ისე მოჩანს თითქოს მოედნის სახელის დარქმევაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანი სტალინის სახელის ამოშლაა ჩვენი ისტორიიდან(კომენტარების დაახლოებით 80% ამ თემაზეა). კარგი იქნებოდა ახალგაზრდები, უფრო ლაღად და ვრცლად მსჯელობდნენ ევროპული ღირებულებების დამკვიდრებაზე ჩვენს ქვეყანაში.
ვფიქრობ, თანამედროვე ევროპული კულტურის დამკვიდრება საქართველოში მისაღებიტენდენციაა და ამისაკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ევროპული ღირებულებები ჩემთვის, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დაცვაა. მე მივწერე ამის შესახებ ღია წერილი 64-ს , მაგრამ სამწუხაროდ მათგან პასუხი ვერ მივიღე. ევროპული ღირებულებაა ასევე ბევრი სკვერი ქალაქში , რომლებიც განადგურების პირსააა მისული და მაღაზია- რესტორნებადაა ქცეული. მაღალი დონის სკოლები და საბავშვო ბაღებია ევროპა, უმაღლეს სასწავლებლებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ისეთი სამოქალაქო საზოგადოების შექმნაა ევროპული ღირებულება, რომელიც პოლიტიკური კონიუქტურის მიუხედავად, თანაბრად რეაგირებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალ-პოლიტიკურ მოვლენებზე.
და ბოლოს არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ შევეხო ხიდისთავის სკოლაში მიმდინარე გახმაურებულ მოვლენებს. იქ მიმდინარე პროცესებმა , რატომღაც, ავადსახსენებელი 37 წელი გამახსენა, როდესაც ხელმძღვანელის ერთპიროვნული უკანონო გადაწყვეტილებით , ირღვევა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული შრომის უფლება. ბოდიშის მოხდა, რასაც სამსახურში დაბრუნების სანაცვლოდ მოითხოვდა დირექტორი,ადამიანის დამცირება და დაცინვაა, მე ასე ვფიქრობ და ამას ევროპულ ღირებულებებთან არაფერი აკავშირებს. ახლგაზრდა მომავალი ლიდერების მხრიდან სოლიდარობის გამოცხადება თავის ხიდისთველი თანატოლების მიმართ, რომელთა უფლებებიც ასევა დარღვეული, იქნება ევროპული ღირებულებების კარგი გამოვლინება.
სულ ახლახანს, ჩვენს ქვეყანაში იდგა ავტორიტარული რეჟიმი, რასაც ჩვენ ფუნდამენტური ბრძოლა გამოვუცხადეთ. იცით თუ არა თქვენ, რომ 3.5 მილიონიან საქართველოში 35 000 პატიმარი და 400 000 პრობაციონერი იყო და ის რეჟიმი დეკლარირებულად ებრძოდა ვითომ სტალინიზმს, სინამდვილეში კი ფართოდ იყენებდა ე.წ. 37 წლის საბჭოური ქვეყნის პოლიტიკური წმენდის წესებს.
ბოლოს მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდა მეგობრებს, ნაციონალური რეჟიმის სისტემის ნარჩენი განიცდის ადაპტაციას და კვლავ ცდილობს დამკვიდრებას ახალ რეალობაში, ამ მახინჯმა სისტემამბევრ ოჯახს დაუტოვა მოუშუშებელი იარა. კარგი იქნება, თუ თქვენი აქტივობით და მეცადინეობით ერთად ამოვძირკვავთ ამ, მართლაც, ავტორიტარულ სისტემას ჩვენს ქვეყანაში.
P.S. მინდა შემოგთავაზოთ იდეა, ევროპის სახელობის ვუწოდოთ თეატრის წინ მდებარე სკვერს, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდაა ქცეული ჩვენს ქალაქში.
No comments:
Post a Comment