
გოგა აფციაური
გორში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, ახალგაზრდების მიერ მთავარი მოედნისთვის ევროპის სახელის მინიჭების სურვილმა და მერე ვირტუალურ ქალაქში ამ თემაზე ატეხილმა აჟიოტაჟმა, აგვისტოს ომიდან ერთი ეპიზოდი გამახსენა.
2008 წლის აგვისტოში გორი უკვე ოკუპირებული იყო, ქალაქის გასასვლელებში
ხიდებზე და სტრატეგიულ სიმაღლეებზე რუსეთის არმიის ჯარისკაცები და ჯავშანტექნიკა იდგა. ქალაქის რამდენიმედღიანი კომენდატი
ვიაჩესლავ ბორისოვი ყოველ დღე კომენდატის საათს
სხვადასხვა დროს გვიწესებდა. არ მახსოვს იმ დღეს კომენდატის საათი რომელზე დაიწყო.
ალბათ იქნებოდა ღამის 11 საათი რამდენიმე კაცი ისევ ადმინისტრაციულ შენობასთან, ცენტრალურ
მოედანზე ვიდექით. ქალაქში მყუდროება იწვა. საერთო დუმილს რამდენიმე კაცის ხმადაბალი
გადალაპარაკება არღვევდა.
მოულოდნელად სტალინის
ქუჩაზე ვილისის მარკის მანქანა გამოჩნდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შავი ნომრებით. დიდი სისწრაფით გაიარა მთელი ქუჩა და უკან დაბრუნდა.
მთავარ გზაჯვარედინზე მოულოდნელად ჭავჭავაძის გამზირზე გადაუხვია. ასეთი მარშრუტი რამდენჯერმე
გაიმეორა. როგორც ჩანს ბოლოს შეგვამჩნიეს და მოგვიახლოვდნენ. პირველი რაც გავიფიქრე
ის იყო, რომ კომენდატის საათი გვქონდა დარღვეული და ალბათ დაგვაკავებდნენ. მანქანა
2 მეტრში გაჩერდა, ფარები ჩვენზეა მონათებული, ვერ ვხედავთ შიგნით ვინ არიან.
დრო გადის იქიდან არავინ
გადმოდის, პაუზა ალბათ ნახევარ წუთს გრძელდება, მაგრამ მაშინ ეს ნახევარი წუთი თითქოს უსასრულოდ გაიწელა. როგორც იქნა მარჯვენა კარი გაიღო და იქიდან ბანცალით
სამხედრო ფორმაში ჩაცმული ოფიცერი გადმოვიდა, ხელში ავტომატი ეჭირა. მარცხენა კარიც გაიღო და იქიდან შედარებით ახალგაზრდა
რიგითი გამოჩნდა. მთვრალმა ოფიცერმა შეგვათვალიერა.
ხომ მშვიდობააო- იკითხა.
ამ დროს ავტომატს ხელში ნერვიულად ათამაშებდა. ლულა მიწისკენ ჰქონდა დაშვებული. ვიღაცამ
უპასუხა რომ პრობლემა არ გვქონდა,- ამ ყველაფერს თუ პრობლემის არარსებობა ერქვა. -
ბიჭებო ცხინვალის გზაზე როგორ გავიდეო? -იკითხა. -ცოტა ამოვისუნთქეთ და მივასწავლეთ.
ვერ გეტყვით რა გაიგო ადგილზე მოქანავე რუსმა, მაგრამ მადლობა გადაიხადა და მანქანის
კარისკენ წავიდა. კარს ხელი მოჰკიდა და მოულოდნელად მოტრიალდა. ავტომატიანი ხელი სტალინის
ძეგლისკენ გაიშვირა, მერე ჩვენს გაკვირვებულ სახეებს დააცქერდა. ცოტა პაუზის შემდეგ
ჩაილაპარაკა - ეჰ, ბატკა, ბატკა. - ბატკას
უთხარით მადლობა ქალაქი მიწასთან რომ არ გავასწორეთო.
სიცოცხლე დაგვამადლა რუსმა. ჩემს ზურგს უკან ვიღაცამ ქართულად ჩაილაპარაკა ძეგლს თან
გაგატანთო, მაგრამ ამისთვის მაშინ ყურადღება არავის მიგვიქცევია. ოფიცერი ხვნეშა-ხვნეშით ჩაჯდა ვილისში და წავიდა.
რამდენიმე დღით ადრე კრემლში მყოფმა სტალინის იდეურმა მემკვიდრეებმა ცენტრალურ მოედანს კასეტური ბომბები ესროლეს, სამოქლაქო პირები დაიღუპნენ,
უფრო ადრე გადაწვეს რამდენიმე ათეული სოფელი
და კიდევ უფრო ადრე ასობით ათასი ადამინი საკუთარი სახლ-კარიდან აყარეს და გამოაძევეს.
22-ში რუსებმა გორიდან დაიწყეს გასვლა. სტალინის
ძეგლთან ტანკები და ჯავშანმანქანები ჩერდებოდა. ოკუპანტები სტალინის მონუმენტთან პოზირებდნენ.
ერთმა ჯარისკაცმა ფოტოების გადაღება რომ დაასრულა ასე დაემშვიდობა ბელადს. ვსტავაი
ბატკა, ვსტავაიო.
უყვართ ბატკა, დიდი იმპერია შეუქმნა, იმპერია რომელიც უმსხვერპლოდ
ვერ იშლება. ბატკას ჩადებული ნაღმები ხან სად ფეთქდება და ხან სად. ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია
და თურმე ჩვენ უნდა გვეთქვა მადლობა გორი რომ გროზნოს არ დაემსგავსა. ასეთია იმ რუსი
ოფიცრის ლოგიკა და ამ ლოგიკას მიმდევრები ჩემს ქალაქშიც ჰყავს. წამოიყვირებენ ხოლმე ვსტავაი ბატკაო, მაგრამ ეს
ფრაგმენტული ამოძახილი სულ უფრო იკარგება, იმიტომ რომ რაც დრო გადის ძალას და იდეას კარგავს. უკვე გამოჩნდა ახალი ხმა და ენერგია
და ეს ახალი ხმა 64 დეციბალია, ჯერ ქაოსურია,
ამ ხმაურში ისევ შემოდის ამოძახილები ვსტავაი ბატკაო, მაგრამ ევროპული 64 დეციბალი
სულ უფრო ორგანიზებული ხდება. ეს ხმაური მალე დაიწმინდება, გამოიკვეთება შინაარსი და უფრო გასაგები გახდება
ყველასთვის. ამ 64 დეციბალის ზოგს ეშინია.
ცნობისთვის თუ მოვისმენთ 100 დეციბალ ხმაურს
15 წუთის განმავლობაში ჩვენს სმენას მნიშვნელოვნად დააკლდება. ასე რომ ბატონებო ჩვენი
სმენისთვის 64 დეციბალი საშიში არ არის.
No comments:
Post a Comment