Tuesday, September 16, 2014

გორი - ცხოველთა თავშესაფარი



 გიორგი ედიშერაშვილის ბლოგი 



ამ პოსტს იმის გამო არ ვწერ, რომ ძაღლების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გამაჩნია. უბრალოდ მაინტერესებს  ხელისუფლების, ასევე ცხოველთა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრება და პოზიცია ყბადაღებული მაწანწალა ძაღლების შესახებ.  აქვე გეტყვით, რომ ეს თემა პირადად ჩემთვის რამდენადაც სენსიტიური და მნიშვნელოვანი გახლავთ, საკითხი ამდენადვე წლების განმავლობაში შეუსწავლელი დამრჩა. მხედველობაში მაქვს ის, თუ როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა უპატრონო ცხოველების პრობლემების ირგვლივ, რას გვკარნახობს ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილება და საერთოდაც, სამთავრობო თუ საზოგადოებრივ დონეზე ვინ მუშაობს აღნიშნული საკითხის ირგვლივ?! ცხადია მაინტერესებს ისიც, თუ რა სამუშაოებს აწარმოებენ ზემოთჩამოთვლილი ინსტიტუტები ...


რას შეეხება პრობლემას: ის მართლაც არსებობს, თანაც ძალიან მძაფრად და ცხადია პოსტში არ აქვს ადგილი საკითხზე საუბარს, რომელიც შეიძლება მავანმა თითიდან გამოწოვილ თემად მიიჩნიოს.
 წუხელ, მეგობრის სახლიდან (ჭავჭავაძის ქუჩა) ჭალის დასახლებამდე წასვლა ფეხით გადავწყვიტე. გზად 10 ზე მეტი მაწანწალა ძაღლი შემხვდა. მათი ნაწილი ცენტრალურ ქუჩაზე გადაადგილდებოდა და ნაგვის ურნებს ყნოსავდა. უკვე ჭალის დასახლებასთან ვიყავი მისული, როცა 2 მა ძაღლა ყეფა ატეხა. მე როგორც ძაღლების დიდი თაყვანისმცემელი, ცხადია არც გაქცევა გადავწყვიტე და ბუნებრივია დამშეული და გაძვალტყავებული ცხოველებისთვის, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა იქცევა, ქვაც არ მისვრია. შედეგად მშიერი მეგობრები დამშვიდდნენ (შეატყეს რა, რომ მათ სივრცეს არ ვარღვევდი) და კუდის ქიცინს მოყვნენ. როდესაც ასეთ სცენებს ხედავ და ორუელის ,,ცხოველების ფერმა'' გაქვს წაკითხული, უბრალოდ არ შეიძლება ეს შესანიშნავი ნაწარმოები არ გაგახსენდეს და ორი წუთით მაინც არ გადაავლო გონების თვალი ჩვენს გვერდით მობინადრე ცხოველების ბედს და მათ ფსიქოლოგიას.

200 მეტრის გავლაც არ დამჭირდა, როდესაც ნაგვის ურნაში თავით გადავარდნილი ჩვენი მორიგი მეგობარი დავინახე, რომელიც ამაოდ ცდილობდა ვახშმის მოპოვებას ნაგვით გატენილ ბუნკერში. მყუდროება მასაც დავურღვიე და მაძიებელი ფირზე ავღბეჭდე. ცხადია მიზანი მისი და სხვა ჩვენი მეგობრების პრობლემა გახლდათ, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს! თითქოს იგრძნო, მისი ორფეხა მეგობრის კეთილი განზრახვაო, ჩემს მოულოდნელ მოქმედებას, რომ იტყვიან ,,გაგებით მოეკიდა'' და მხოლოდ სევდანარევი მზერაღა შემავლო ..

,,გაგებით მოკიდებაზე'' გამახსენდა. არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს, თუმცა რამდენადაც ვიცი ოლიგარქის ზვიგენებს ყოიველწლიურად ათიათასობით დოლარის ღირებულების საკვები ესაჭიროებათ. რომ არაფერი ვთქვათ სხვა ცხოველებზე, რომლებიც მის პირად ზოოპარკში სიმცირეს არ უჩივიან. განსჯისთვის ალბათ ღირს საუბარი იმაზეც, რომ თუ ცხოველების სიყვარული გაგაჩნია (განურჩევლად ჯიშისა) მილიარდერი გქვია და საქართველოს მოქალაქე ხარ, მაწანწალა ცხოველებს შინ, სელაპებთან თუ არ მიიყვან, ღირსეული თავშესაფარი მაინც მოუწყე თუნდაც მშობლიურ იმერეთში ...
ცხადია მოქალაქეს, არ აქვს ამის ვალდებულება, თუმცა, როგორც ავღნიშნე ყოველივე განსჯად ღირს!

როგორც ზემოთ გითხარით ცხოველთა თავშესაფრის სტანდარტების, სხვა ქვეყნების გამოცდილების და საერთაშორისო ცივილიზებული ნორმების შესახებ ნაკლები ინფორმაცია მაქვს, თუმცა საკითხი ბევრი მიზეზის გამო, ძალიან მაწუხებს. დანარჩენი იმედი მაქვს უკვე დისკუსიის ფორმატში, ჩემზე უფრო კომპეტენტური ადამიანების მიერ გაირჩევა. მე უბრალოდ, ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ საკითხი კიდევ ერთხელ დამეყენებინა ჩემი ბლოგის საშუალებით. მითუმეტეს, რომ ევროასოცირების კომპლექსური დოკუმენტი, მრავალ საკითხს შორის, ამ მიმართულებითაც გვავალდებულებს ღონისძიებების გატარებას.




No comments:

Post a Comment