Saturday, September 13, 2014

საზოგადოების აზრი ქალზე


ვერიკო ბიწაძე

ექსპერტი გენდერულ საკითხებში


ქალის შესახებ წარმოდგენები ყალიბდებოდა მთელი ისტორიის მანძილზე. არქაული ეპოქა ქართველთა ისტორიაში ქრისტიანულ ეპოქასთან მოვიდა დედის უძლიერესი კულტით, რაზეც მიანიშნებს მითოლოგიური, ენობრივი, ეთნოგრაფიული და სხვა მონაცემები.
ოდითგანვე ქალს დაეკისრა მნიშვნელოვანი ფუნქცია, ოჯახის მოვლა-პატრონობა და გაძღოლა. თვითრეალიზაციის სხვა სფეროებს ტრადიციები და მენტალიტეტი დიდ ღირებულებებს არ ანიჭებდა. მენტალური წარმოდგენები მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია სხვადასხვა საზოგადოებაში, რომლებიც ქალის უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების შემაფერხებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემებს ქმნის თვით ქალთა დამოკიდებულება საკუთრი თავისა და შესაძლებლობების მიმართ. ასეთ დროს თავს იჩენს სტერეოტიპები და ტრადიცია, რომლებიც განსაკუთრებით ძლიერია სოფლად.

თანამედროვე ქალი ცდილობს რეპროდუქციულ საქმიანობას შეუთავსოს პროდუქტიული და საზოგადოებრივი საქმიანობა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ქალი აღარ კმაყოფილდება ოჯახური ფუნქციებით და ცდილობს პიროვნული დამოუკიდებლობის მოპოვებას, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საზოგადოებაში.
ქალი მამაკაცის განუყრელი თანამგზავრია. თანამებრძოლი, მეგობარი და ამავე დროს მისი ღირსების საზომი. შემოქმედი კაცისთვის იგი შთაგონების წყაროა. ქალის მშვენიერებამ შთააგონდა ეგვიპტელი მოქანდაკე, რომ უძველეს დროში ფარაონი ქალის - ნეფერტიტის სახე გამოეკვეთა.
ქართული ხალხური შემოქმედება თუ სიტყვაკაზმული მწერლობა ყოველთვის აიდიალებდა ერისა და ოჯახის მოყვარულ, ღირსეულ და პატიოსან მანდილოსანს, რაც ნათლად აისახა ქართულ პოეზიასა და პროზაში, ხოლო რაც შეეხება მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობას, ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში შოთა რუსთველი წერდა: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.
შემოგთავაზებთ სხვადასხვა დროის მოაზროვნეთა გამონათქვამებს ქალის შესახებ:
ნამუსიანად მქცეველი ქალი არს მარგალიტი, ძვირფასი თვალი“ - დავით გურამიშვილი.
ბედნიერი ხარ იმით, რომ არა ხარ ცხოველი, ხარ ბრძენი და არა ხარ ქალი“ - სოკრატე.
ქალი მამაკაცის დამატებაა“ - არისტოტელე.
ყოველი ქალი სირცხვილით უნდა იწვოდეს იმის გაფიქრებაზე, რომ ის ქალია“ - კლიმენტი ალექსანდრიელი.
ქალის რაობაზე სხვადასხვა აზრის იყო ქრისტიანული სამღვდელოებაც: 585 წელს მაკონის კრებაზე სერიოზული დებატები იყო გამართული იმაზე, ქალი სულიერი არსება იყო თუ არა. იქ დამსწრე სასულიერო პირების თითქმის ნახევარმა კატეგორიულად უარყო იმისი ვარაუდიც კი, რომ ქალს შეიძლება სული გააჩნდეს, და სულ ერთი ხმის უპირატესობით, ქრისტიანთა საეკლესიო კრებამ აღიარა, რომ ქალი სულიერია.
ქალი - ეს არის წარმონაქმნი, რომელსაც შეუძლია ჩაცმა, ყბედობა და გახდა“ - ვოლტერი.
ქალი არის მამაკაცის თანასწორი“ - დიდრო.
„ვინც ორ გოგო შვილს ნამუსიერად აღზრდის, საიქიოში მე და ის გვერდი-გვერდ ვიქნებით. ქალი თუ კაცი, ყველა ადამიანი ღმერთის წინაშე სავარცხელის კბილებივით თანაბარნი არიან“ - მუჰამმედ შუამავალი.
ისეთი განსხვავებაა მამაკაცსა და ქალს შორის, როგორც მცენარესა და ცხოველს შორის“ - ჰეგელი.
როცა ხედავ ქალს, იცოდე, რომ შენს წინაშე არის არა ადამიანი, არც გარეული მხეცი, არამედ თვით ეშმაკი. მისი ხმა - გველის სისინია“ - წმინდა ანტონი.
სიყვარული მამაკაცისთვის ერთი მოწყვეტილი ამბავია, მისი ცხოვრებიდან ამოღებული, ქალისთვის კი მთელი  ისტორიაა ცხოვრებისა“ - ჟან-ჟაკ რუსო.
„ცრემლი ქალისთვის ნაღველის შემსუბუქებაა, მამაკაცისთვის კი წამება“ - ჯორჯ ბაირონი.
„ლამაზი ქალი თვალს მოსწონს, კეთილი - გულსა. პირველი ლამაზი ნივთია, მეორე - საუნჯე“ - ბონაპარტე.
„დედაკაცი ღრმად იხედება, მამაკაცი - ვრცლად. მამაკაცისთვის ქვეყანა გულია, დედაკაცისთვის - გული ქვეყანაა“ - გრამე.
„არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ“ - შექსპირი.
„ქალი ქმნილების გვირგვინია“ - გოეთე.
„ქალს მხოლოდ მანამდის აქვს ფასი მამაკაცის თვალში, სანამ დაეჭვებულია მის სიყვარულში, მაგრამ საკმარისია მიიღოს საკმარისი რწმენა და ისევ დაიწყოს ლტოლვა შეუცნობელისა და მიუწვდომელისაკენ“ - რიშარი.
„ოქროს ცეცხლით გამოცდიან, დედაკაცს - ოქროთი, მამაკაცს - დედაკაცით“ - შილონი.
„დედაკაცი ყმაწვილთათვის საყვარელია, ხნიერისთვის - მეგობარი, მოხუცთათვის - ძიძა“ - ოქსენოტიერი.
„ქალი ვერასოდეს ხედავს, რასაც მისთვის სჩადიან, მაგრამ ყოველთვის ამჩნევს, რასაც მისთვის არ აკეთებენ“ - ჟ. კურტელინი.
„როდესაც ქალი თავისი გულის გასაღებს სხვას ანდობს, იშვიათად, რომ იგი არ შეცვალოს“ - სენტ-ბევი.
„ქალები ორიენტირებულნი არიან ურთიერთობაზე, მამაკაცები - ინფორმაციის მიღებაზე“.
„მამაკაცისთვის აუცილებელია წარმატების მიღწევა, ქალისთვის კი აუცილებელია წარუმატებლობის თავიდან აცილება“.
„ქალის უზენაესი დანიშნულება მამაკაცის გაბედნიერება და დედობაა, სხვა დანარაჩენი კი ჰარმონიის დარღვევა და საზოგადოებისთვის სირთულის მომტანია“ - ჟან-ჟაკ რუსო.
„ყველა ქალს თავისი ოჯახი უნდა ჰქონდეს. ერთ ოჯახში სამი ქალი უბედურებაა...  რომელიღაც ქვეყანაში, ერთად დახატული სამი ქალი სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავს“ - ოთარ ჭელიძე.
სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული ანდაზები ქალზე:
„მამაკაცი, რომელიც თავის ცოლს ეხმარება, მისი მონაა“ (ინდოეთი).
„უპატრონო სახლი იგივეა, რაც უქმრო ქალი“ (შუმერული ანდაზა).
„მშიშარა ბიჭმა ხელზე სამაჯურები უნდა ატაროს“ (ინდოეთი).
„ვინც ქალს დაუგდებს ყურს, მოსავალს ვერ ეღირსება“ (ზამბია).
„ქალის ადგილი სამზარეულოშია“ (აშშ).
„კაცი მანქანაა, ქალი - მანქანის სადგომი“ (აზიური ქვეყანა).
„ქმარი ლაშქრიდან დაბრუნდა, ცოლი ომის ამბავს მოუთხრობდაო“ (ქართული).
„მახინჯი ცოლის ქმარს გაღვიძების ეშინია“ (ბრაზილია).
„ქმარი თავია, ცოლი - კისერი“ (ყველგან გვხვდება).
„ქალის სიმორცხვე ქვეყნის ფასია, კაცის სიმორცხვე - კვერცხის ფასია“ (ქართული).
„კაცი, რომელიც ომში არ წავა, თავზე ლეჩაქი უნდა დაიხუროსო“ (ქართული).
„დედაკაცი - თმაგრძელი და ჭკუამოკლე“ (ქართული).
„გოგოს დაბადება ოჯახის გაღარიბებაა, ბიჭისა კი - გამდიდრება“ (არაბეთი).
როგორც ხედავთ, საზოგადოებრივი აზრი ქალზე ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციულია. კაცები ხშირად დასცინიან ქალებს, ყვებიან ანეკდოტებს, ავრცელებენ მითებს მის სისუსტეზე, ნაკლებ შესაძლებლობებზე.
ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობიდან თავის დაღწევაში დიდი როლი მიუძღვის ქალს. მან თავის თავზე აიღო ოჯახის გადარჩენის მთელი სიმძიმე, არ მოერიდა მისთვის უჩვეულო მძიმე სამუშაოს. ქალმა შეითავსა ინსტრუმენტალის (შემომტანის) როლი და ბევრი ოჯახის მარჩენალი გახდა. ჩვენს ირგვლივ ბევრი ქალია, რომელსაც შესწევს უნდარი მამაკაცებზე უკეთესად მართონ ქვეყანა. ამიტომ დროა დაიმსხვრეს სტერეოტიპი, რომელიც ქალს ზღუდავს, ქალს არ უნდა უხდებოდეს მუდმივად იმის მტკიცება, რომ მამაკაცის თანასწორია, რომ აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები. ღმერთის მიერ სამყარო თანაბრადაა მოწყობილი ქალისა და მამაკაცისათვის. დროა შეიცვალოს შეხედულებები ქალებზე და მათ შესაძლებლობებზე. ეს გააადვილების ორივე სქესის მდგომარეობას და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიისკენ.



No comments:

Post a Comment