
სოფია რეზრიჩენკო
ზოგჯერ მგონია, რომ აზრებმა რომლებმაც ბოლო დროს ჩემში ძალიან მკვეთრი ფერები მიიღეს, იეროგლიფებად იქცნენ...გაურკვეველ იეროგლიფებად, რომლებიც სამწუხაროდ ბევრს არ ესმის (თუმცა იეროგლიფებისმცოდნენიც მეგულებიან) ან უბრალოდ მათ რაციონალური ახსნები არ აქვთ.
არასდროს მიყვარდა თვითტკბობის გრძნობა. სამწუხაროდ ირგვლივ „ქართული ღირსებით“ აღსავსე უამრავ თვითკმაყოფილ სახეს ვხედავ. ძვირადღირებული მანქანებიდან მომზირალ სახეებს, მანქანის შესაძენად გამოტანილ საბანკო კრედიტებს, რომ დღემდე იხდიან და ამას საკუთარი სახელისა თუ გვარის ინიციალებიანი ახალი სანომრე ნიშნებისთვის გამოტანილი კრედიტებიც რომ მიამატეს. ვხედავ რესტორნებში მაგიდებზე სართულებად გადაშლილი სუფრიდან მომზირალ სახეებს, მეუღლეების, დედებისა თუ ცოლების მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით, რომ იყიდეს თვითკმაყოფილების რამდენიმე „ღირსეული ვახშმის“ საათი.
ჩვენთან, ქართველები თვლიან, რომ ყავთ საკუთარი ნავები, რომლებშიც სხედან და ამ ნავში არიან მარტონი თავის საახლობლოსთან ერთად. თვითკმაყოფილნი დაცურავენ თავისი ნავებით და გაურბიან, არაფრად აგდებენ საზოგადოებრივ ინტერესს. ეს ყველაზე მწვავედ 2008 წლის აგვისტოში ვიგრძენი და არ შემიძლია დავიწყება. მშივრებს, ბავშვებთან ერთად იატაკზე გვეძინა, რომელიღაც სკოლისა თუ საბავშვო ბაღის შენობაში. ყურებში ისევ დაბომბვის ხმები გვესმოდა, გული ისევ შიშით გვეკუმშებოდა და ისევ გვეგონა, რომ ეს კოშმარული სიზმარი იყო და აუცილებლად გამოგვეღვიძებოდა.. მოჰქონდათ ზეთები, მაკარონები... რეალობაში გვაბრუნებდა მუსიკის, ღრეობის, ხარხარის ხმები გვერდით მდებარე რესტორნებიდან.
-შე კაი კაცო, რა გექეიფ-გეღრეობება, შენ ქვეყანას ხელები მოაჭრეს, შენი დამფრთხალ-დამშეული ხალხი გამოცარიელებული შენობების კუთხეებში მიაწვინეს და შენ თვითტკბობით გაბრუებული შუფუწინსკის სიმღერებზე ბუქნაობ... !!! როგორ მინდოდა სავსე რესტორნებში შევსულიყავი და ეს მეთქვა, მაგრამ ძალა არ მეყო, გამბედაობა არ მეყო და ვნანობ.. და მე სასტიკად შემძულდა თვითტკბობა..(თუმცა გამონაკლისებიც ცხადია იყვნენ, და მათი გვერდით დგომა არასდროს დამავიწყდება)
ეს არის ფიზიკური სახე იმ სოციალური და სულიერი ფენომენისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველს საზოგადოების მიმართ.
პოლიტიკური დემოკრატია შეუძლებელია საზოგადოებრივ სივრცესთან დამოკიდებულების გარეშე. სხვა ვარიანტი გამორიცხულია!
კიდევ ერთ ვიზუალური სახეზე მინდა გითხრათ ქართული სოციალური ფენომენისა.
რაც ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობ, ეს სხვაობა ნათელი ხდება უფრო და უფრო. მეტი სიცხადით ვგრძნობ ამ მენტალურ განსხვავებას და გული მწყდება, რომ ძალიან დიდი ხანია საბჭოთა გავლენისა თუ უბრალოდ „ქართული ხასიათის“ გამო ეს ჩვევად გვექცა. შეხედეთ სახლებს, ტროტუარებს, ქუჩებს, მდინარეებს- ჭუჭყიანი, გაცვეთილი, ჩამონგრეული, დაბინძურებული, მოუვლელი. ასეთია იგი გარედან. სამაგიეროდ შიგნით ნახავთ კეთილმოწყობილ სახლებს, ავეჯით და ნივთებით გადატვირთულს, უმაღლესი ხარისხის აპარატურით სავსეს. ეს გარემო ქართველის საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას ასახავს.
ის რაც ჩემს გარშემოა, საკუთარი თავის მიმართ ჩემ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ძვირფასი სამკაულები, ძვირადღირებული მანქანები, სართულებად გაწყობილი სუფრები ასახავს ქართველის საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას და სიყვარულს, ეს ჩვენ შიგნითაა. და ასფალტი, ტროტუარები, ქუჩები უკვე ჩჩვენ გარეთაა, ანუ ეს არის საზოგადოებრივი სივრცე, სამოქალაქო სივრცე!
რამდენიმე დღის წინ ქუჩაში ვხედავ პატარა გოგონა ნაყინს ხსნის და ქაღალდს აგდებს. დედა სავაჭრო დახლთან არის შეჩერებული, და იმედი მაქვს რომ ბავშვის საქციელი შეუმჩნეველი დარჩა, თორემ შენიშვნას მისცემდა.
-პატარავ, ქაღალდი დაგივარდა- ვეუბნები ღიმილით.
-არა, არ დამივარდა. ბავშვი გაოცებული მიყურებს და სახეზე აწერია, რომ ეს შემთხვევით ნამდვილად არ მოხდა. იძულებული ვარ მის ფეხებთან დაგდებული ქაღალდი ავიღო და ორ ნაბიჯზე მდგარ ურნაში ჩავგდო. დედა გაბრაზებული მიყურებს და ქუჩას გადახედა ნიშნისმოგებით, რომ თითქოსდა სხვა ნაგავს რა, ვერ ხედავო?
მე ისევ ვიღიმი და მივდივარ...
ქალს ჰქონდა ძვირფასეულობა ასხმული...
ელოდა ძვირადღირებულ მანქანაში მოკალათებული მეუღლე (ჩვენთან ხომ ბაზარში ქალებმა უნდა იარონ და ატარონ მძიმე ჩანთები )
და მანქანას ჰქონდა სავარაუდოდ კრედიტით აღებული სახელის ან გვარის ინიციალებიანი ნომრები...
და პატარა გოგონა ხედავს ამას და იქნება იგი პოტენციური დედა და ძალიან არ მინდა, რომ ისიც გახდეს, თვითკმაყოფილი სახით, საკუთარ ნავში მოკალათებული ქართველი.
იეროგლიფული აზრები რომ გაიგო ალბათ ევროპაში უნდა ცხოვრობდე, არა გეოგრაფიულად, არამედ ევროპული ცხოვრების წესით. ევროპაში მნიშვნელოვანი მოვლენები აღელვებთ, იმიტომ რომ მიღებული გადაწყვეტილება საერთოევროპულ მომავალზე აისახება. ამიტომ მგონია ჩემი იეროგლიფები ირაციონალური.
ჩვენ კი
ამაყად გადავაბიჯებთ წვიმის შემდეგ დაგროვილ გუბეებს კორპუსთან, შევალთ კომუნიზმისდროინდელ დაობებული სადარბაზოებში, და თვითკმაყოფილნი მივალთ ჩვენ ულამაზეს რკინის კართან , თან ირგვლივ შეფარვით მიმოვიხედავთ სამეზობლოში ხომ ჩვენი კარი ჯობია ყველასას... და ვაღებთ კარს, რომელსაც ჩვენ ნავში და ჩვენი თავის პატივისცემითა და სიყვარულით გაჟღენთილ სივრცეში შევყავართ.
პატრიოტიზმი ჩემთვის სწორედ ქუჩაში ნაგვის არდაყრიდან იწყება..რაც უნდა ბანალურად ჟღედეს..მომეწონა..
ReplyDelete