Monday, May 11, 2015

დიდი ხნის წინ ჩასარეცხი ჭუჭყის შესახებ

ივანე კოპაძე
სიტყვა ჩასარეცხი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2006 წელს დაამკვიდრა და იგი ფართოდ გავრცელებული შეხედულების მიხედვით საბჭოურად მოაზროვნე, პროგრესის წინააღმდეგ 
მომართულ ადამიანს უსვამს ხაზს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თავდაპირველად ეს სიტყვა კრიმინალისკენ მიდრეკილ მენტალურად პროვინციული აზროვნების მქონე ადამიანების ხაზგასასმელად იქნა ნახმარი, თუმცა ეს სიტყვა საზოგადოების ერთმა ნაწილმა  სწრაფად განაზოგადა თავის თავზე და დიდი პროტესტიც გამოიწვია მამათა და შვილთა თაობას შორის. 

დღეს გორში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები ფაშიმზე გამარჯვების 70 წლისთავს აღნიშნავდნენ. ერთი შეხედვით ეს საიუბილეო თარიღი და მის აღსანიშნავად გამოსული ხალხის რაოდენობა გასაკვირი არ იქნებოდა, რომ არა რამდენიმე ძალზედ საეჭვო გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოზეიმეთა გულწრფელობას.


დღეს ახალგაზრდობამ გორში ტრაგედია იხილა. ტრაგედია იმიტომ, რომ 3,7 მილიონიან ქვეყანაში, რომელმაც უახლეს ისტორიაში რუსეთის მიერ ინსპირირებული არაერთი სისხლისმღვრელი ომი გამოიარა, მოიძებნა ასეულობით ადამიანი ვინც 2008 წლი ომიდან სულ რაღაც 7 წლის გასვლის შემდეგ ხელში რუსული დროშა დაიჭირა და მკლავზე თუ გულზე „გეორგიევსკის ბაფთა“ მიიბნია.       

ქალაქი, რომელმაც ალბათ ერთერთი ყველაზე დიდი ზარალი განიცადა 2008 წლის ომის დროს და რომელმაც ყველაზე მეტი სისხლი ნახა თავის მიწაზე, დღეს რუსულ დროშებს უყურებდა.

170 სამხედრო და 228 მშვიდობიანი მოქალაქე, ეს ის მშრალი რიცხვებია რომელიც ოფიციალური წყაროების ცნობით საქართველოს დანაკარგს აღნიშნავს რუსული აგრესიის დროს. მშრალი იმიტომ, რომ ყოველ კონკრეტულ რიცხვს კონკრეტული და შესაბამისი რაოდენობის ისტორია უდგას უკან, თუმცა დღეს 412 ნეშტს და 412 გმირულ ისტორიას წარსულში ჩარჩენილმა და ოკუპანტის პროპაგანდას აყოლილმა ადამიანებმა რუსული დროშებით გაუთელეს საფლავები.

ქვეყანა, რომელიც დასაჯეს საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებისთვის, რომლის დასავლური განვითარების გზა და მიღწეული პროგრესი სისხლით იქნა დროებით ჩახშობილი, რათა მომხდარიყო ამ მისწრაფებების სრული გაქრობა დღეს, 2015 წლის 9 მაისს უდრტვინველად და პროტესტის გარეშე შეეგება ანტიდასავლური ბანერებით შეიარაღებულ კოლექტიურ „სერგო ორჯონიკიძეებს“.

2011 წლის 31 მაისს საქართველომ სხვა არაერთი განვითარებული და დემოკრატიული ქვეყნების მსგავსად თავისუფლების ქარტია მიიღო, რომლის ძალითაც მიზნად იქნა დასახული საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების და ამავე იდეოლოგიების მატარებელი პროპაგანდის საშუალებების აკრძალვა.

ხსენებული კანონის მიუხედავად, რამოდენიმე დღის წინ საქართველოს ტერიტორიულ საზღვარზე ლარსის გამშვები პუნქტის მხრიდან ე.წ. „ღამის მგლები“ შემოვიდნენ (Ночные волки - პუტინთან დაახლოვებული და რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი მოტოციკლისტთა ჯგუფი). ეს სწორედ ის ჯგუფია, რომლის მისამართითაც პოლონეთის პრემიერმა ევა კოპაჩმა საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა, რის შემდეგაც ღამის მგლებს პოლონეთში შესვლაზე საერთოდ უარი ეთქვათ, გერმანიის პოლიციამ კი მათ აიძულა მოტოციკლებიდან გეორგიევსკის ბაფთები და რუსეთის და საბჭოთა დროშები მოეხსნათ. აღნიშნული ჯგუფი საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა, თანაც ისე, რომ „გეორგიევსკის ბაფთები“ ამოსაცნობი ნიშნებივით ჰქონდათ დამაგრებულები.

დღეს მავანთაგან ისმის, რომ გიორგის ბაფთა (გეორგიევსკის ლენტი) ეკატერინე მეორემ შემოიღო რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, როგორც საიმპერატორო ჯილდო ერთგული ვასალებისთვის. დიახ, ეს სრული ჭეშმარიტებაა, თუმცა არის ერთი გარემოება რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ამ ბაფთით საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობა არის ქვეყნის შეურაცხყოფა და რაც მთავარია კანონდარღვევა.

მსოფლიოში ყველაზე ძველი და გავრცელებული გრაფიკული სიმბოლო სვასტიკა რამოდენიმე ათასწლეულის წინ გამოიყენებოდა სხვადასხვა კულტურებში. მას მეოცე საუკუნის ნაციზმთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა ალბათ ძნელად წარმოსადგენია დღეს იერუსალიმის ქუჩებში ვინმემ გაბედოს სვასტიკიანი მაისურით ან დროშით მოძრაობა. წარმოიდგინეთ რა საცოდავ მდგომარეობაში აღმოჩნდება სვასტიკიანი მაისურის მქონე ადამაინი რომელიც ებრაელ პოლიციელს დაუწყებს იმის მტკიცებას, რომ მას სინამდვილეში უძველესი ჩინური, ინდური, შუმერული ან თუნდაც ქართული სიმბოლო აქვს გამოსახული.

მთავარი არ არის თუ რას გამოხატავდა ესა თუ ის სიმბოლო წლების წინ, მთავარია თუ როგორ აღიქვამს მას დღევანდელ რეალობაში ესა თუ ის სოციუმი. როცესაც ჩვენ ვიცით, რომ გიორგის ბაფთა რუსეთში სახეცვლილად დანერგილ იქნა როგორც პატრიოტულ-პოლიტიკური სიმბოლო, როდესაც ცნობილია, რომ აგვისტოს ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცები სწორედ ამ ლენტებით შეამკო რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ძნელია გიორგის ბაფთის დანახვაზე დედოფალი ეკატერინე გაგახსენდეს და არა ოკუპანტი რუსეთი. სწორედ ოკუპაციის და საბჭოთა იმპერიის აღმნიშვნელი სიმბოლოა ქართველებისთვის ე.წ. გიორგის ბაფთა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ არსებობს გავრცელებული მოსაზრება თითქოს ჩვენ უნდა მოუფრთხილდეთ საზოგადოების თითოეულ წევრს, უნდა ვიზრუნოთ ყველაზე და თითოეულ მათგანის გულამდე უნდა მივიტანოთ ჩვენი სათქმელი. მაგრამ, დროა თვალი გავახილოთ და ვაღიაროთ, რომ ქართველი გმირების სისხლით მორწყულ მიწაზე რუსეთის დროშის დამჭერი ვერასოდეს ვერ იქცევა ქართული საზოგადოების მისაღებ წევრად, ვერასოდეს შევძლებთ, რომ მას ველაპარაკოთ ისეთ მატერიებზე როგორიცაა პატრიოტიზმი და სამშობლოს ერთგულება. დროა ყველამ აღიაროს, რომ ასეთი ხორცმეტები დიდი ხნის წინ უნდა მოგვეკვეთა. დიდი ხნის წინ უნდა მოგვეხდინა ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალათა სრული მარგინალიზება და სამუდამოდ ჩარეცხვა.

No comments:

Post a Comment