Friday, May 1, 2015

ანცი დეპუტაცია


ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში ათი დეპუტატი ზის. კარი ნახევრად ღიაა, ახლახანს გასულებმა ასე დატოვეს. არა, შესვენება არავის გამოუცხადებია. ისე, უბრალოდ, ადგნენ და გავიდნენ, სიგარეტის მოსაწევად.


- იქნებ სთხოვოთ, რომ შემოვიდნენ, საკითხს ვაყენებთ კენჭისყრაზე, - მომმართავს თხოვნით საკრებულოს თავმჯდომარე.

თხოვნას ვუსრულებ. დეპუტატები დარბაზში ბრუნდებიან, ოთახში სიგარეტის სუნი დგება. რიგით მეექვსე საკითხი კენჭისყრას ელოდება, თუმცა საკითხის გადაწყვეტამდე, საკრებულოს თავმჯდომარე ოდნავ მკაცრი ხმით დეპუტატებს აფრთხილებს, მომავალში გარეთ გასვლა ხელის აწევით ითხოვონ.

სიცილს ძლივს ვიკავებ, თავმჯდომარე ჩემს მასწავლებელს მაგონებს.

ამ ამბავს ჩემთვის დავიტოვებდი, დეპუტატები ასეთ ქცევას ნორმად რომ არ მიიჩნევდნენ. მათ არაპუნქტუალობაზე აღარაფერს ვამბობ. სხდომაზე რომ დროულად არასოდეს შემოდიან, უკვე შევეგუე. ადამიანურად ვცდილობ გავუგო, რთულია დილით ისე ადრე გაიღვიძო, რომ შენ გამო სხდომა 10, 15, 20 წუთით გვიან არ დაიწყოს .

არ იფიქროთ, რომ ეს ერთი კონკრეტული საკრებულოს დეპუტატთა პრობლემაა. არა, ახლა, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სესიას ვესწრები და ვხედავ, უწესრიგობას საზღვრები აქაც დაუკარგავს.

აი, ერთ-ერთმა ახლახანს შუბლზე ჩამოშლილი თმა გადაივარცხნა, პერანგის საყელო შეისწორა, პიჯაკის სამხრეები სასხვათაშორისოდ ჩამოიბერტა და ტელეფონის კამერას შესცინა - ჩხაკ, სელფი გადაღებულია - დეპუტატი სხდომას ესწრება. სესიაზე კამერის წინ პოზიორობა უხერხულობას სულაც არ უქმნის. ალბათ იმიტომ, რომ მის გვერდით მსხდომთაც დროდადრო ახსენდებათ, დარბაზში დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა განსახილველად რომ არიან მოსულნი.

- მომისმინეთ, მომისმინეთ! - ხმას უწევს ერთ-ერთი დეპუტატი და ფეხზე დგება.

- ჰა, გისმენთ აბა! - პასუხობს წინ მჯდომი, თან ისეთი ტონით, თითქოს მოსმენისთვის მზაობას ამადლის.

ფეხზე მდგარი საუბარს აგრძელებს, თან ყოველი ორი წინადადების შემდეგ, დეპუტატებისგან ყურადღებას ითხოვს. საკრებულოს თავმჯდომარეს ამ დროს თავი მაგიდაზე შემოლაგებულ ხელებზე აქვს ჩამოდებული და წესრიგის დაცვაზე ზრუნვა აზრადაც არ მოსდის.

იქვე, ვიღაც ტელეფონზე საუბრობს და გაშლილ ხელს პირზე იფარებს. ცდილობს, საკუთარი საუბარი შეუმჩნეველი გახადოს. ისე კი, დარბაზში ისეთი ხმაურია, მის საუბარს მხოლოდ გვერდით მჯდომი თუ გაიგებს.

- იქნებ ტელეფონზე საუბარს მორჩეთ და მომისმინოთ, თქვენ გელაპარაკებით! - ისმის დარბაზში და ახლაღა ვხვდებით, რომ დეპუტატი, რომელიც რამდენიმე წუთია ფურცლების ფრიალით საუბრობს, კითხვებზე პასუხის გაცემას სწორედ მას სთხოვს.

  აი ასე, ამტკიცებენ  განკარგულებებს, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურობაზე მოქმედებს. მე კი ამ დროს კუთხეში ჩამწკრივებული სკამებიდან ერთ-ერთზე ვზივარ და სკოლა მახსენდება. ალბათ, ბუნებრივიცაა. ეს დეპუტატები ხომ იმ მოსწავლეებს ჰგვანან, რომლებიც სკოლაში გასართობად შემოივლიდნენ ხოლმე. მუდამ მასწავლებელთა უნიათობით სარგებლობდნენ და საკლასო ოთახში ალიაქოთს აწყობდნენ. ასეთ დროს, მერხიდან წამოდგომა და გაკვეთილიდან გასვლაც ჩვეულებრივი ამბავი იყო. ერთ ასეთ შემთხვევას ვიხსენებდი, როცა დარბაზში სკამმა გაიჭრიალა და ფიქრები გამიფანტა.

- წინა საკრებულოს სხდომაზე საუბარი დავიწყე, ერთი საკითხის დაყენება მინდოდა, მაგრამ თავი ავწიე და დარბაზში აღარავინ იყო, - ამბობდა მაგიდაზე შეკრული ხელებით დაყრდნობილი დეპუტატი. ერთი ალილო მღვდელსაც წასცდებაო, თავი ვეღარ შევიკავე. მაინც არავის გაუგონია - ჩემი სიცილის ხმა დარბაზის ხმაურს შეერია.

ზოგიერთი დეპუტატი ონავარ მოსწავლეს ჰგვავს-მეთქი, გავიფიქრე. ამ უკანასკნელთა გამართლება, მათი ასაკით, მალევე შევძელი. აი, დეპუატატების ქცევას კი ახსნა ვერაფრით მოვუძებნე. ალბათ პასუხისმგებლობის გრძობის განუვითარებლობასთან გვაქვს საქმე. ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არც საკრებულოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს, რადგან ის იმ მასწავლებელს ჰგავს, კლასში ატეხილი აურზაური რომ არ ადარდებს. არა, შეიძლება ადარდებს კიდეც, უბრალოდ საკუთარი უნიათობის გამო მასთან შეგუება უწევს. ერთი რამ რომ არა, ამ საკრებულოს თავმჯდომარეს გაკვეთილზე მთვლემარე მასწავლებელსაც შევადარებდი. უბრალოდ, ის დღის წესრიგით გათვალისიწინებულ ყველა საკითხს მხარს ხელის აწევით უჭერს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ თვლემს.

პ.ს. ახლა, როცა ამ პოსტს ვწერ, იმ ადამიანებზე მეფიქრება, რომლებმაც საარჩევნო ყუთში ჩაგდებულ ბიულეტენს საკუთარ ხმასთან ერთად პრობლემების მოგვარების იმედიც ჩააყოლეს. ზოგიერთი დეპუტატის შემყურე კი ვშიშობ, რომ ამ ყუთებიდან მხოლოდ ხმებია ამოკრეფილი, იმედები კი მივიწყებული, იქვე მიტოვებული.

ავტორი: გვანცა დოლუაშვილი

No comments:

Post a Comment