მარიამ თედლიაშვილი ოლას სოფელშიც დგახარ, ბედის ირონიაც ამას ქვია!
ჩემი მეგობარი ირაკლი ხვადაგინი, რომელიც ,,საბჭოთა კვლევის ლაბორატორას“ წარმოადგენს, მირეკავს და ანა/ოლა სალოღაშვილზე მეკითხება, გორის რაიონის სოფელ მეჯვრიხევიდან იყო და ინფორმაციას მაწვდის, რომ ოლა/ანა სალოღაშვილი 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს.
1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით.
იყო საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. 1925 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1937 წელს, დააპატიმრა შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ. 1937 წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“), ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის და „შოვინისტური“ განწყობების, ასევე „მენშევიკთა“ ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ოლა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯა.
ირაკლი მთხოვს ვნახო ოლას ოჯახის წევრები ან ნათესავები. ვიპოვო ვისაც გადმოცემით ახსოვს მისი ისტორია და კიდევ უფრო მეტი გავიგო ადამინის შესახებ რომელიც ჩვენი რაიონიდან იყო. დილით გავედი მეჯვრიხევის მიმართულებით. გზაში ოლაზე ვფირობდი. მინდოდა რომ მასზე რამე სცოდნოდათ სოფელში. ამ ფირებში ვიყვი, როდესაც ტაქსმა მეჯვრისხევის ცენტრში აღმართულ ძეგლთან გამიჩერა, რომელიც ოქროსფრად ლაპლაპებს. ცოცხალივით ველაპარაკები , შენი მსხვერპლის ამბის გასაგებად ვარ აქ, არ წავალ ვიდრე არ გავიგებ მასზე რამეს მაინც. რამეს იმიტომ, რომ შესაძლოა მსხვერპლის შთამომავლებმა არც არაფერი იცოდნენ. რეპრესირებული ადამიანების ახლობლობა ხომ არ იყო იოლი.
რამდენიმეს ვკითხე მეჯვრიხევის ცენტრში, რამე თუ სმენიათ ოლა სალოღაშვილზე?! ვერაფერი მითხრეს ... ვბრაზდები მათზე და ამვდროულად ჩემ თავზეც. ცენტრიდან სოფლის ორღობეებში გადავინაცვლე კითხვა-კითხვით მივდივარ. ბოლოს მიმითითეს ერთ სახლზე, ნაბიჯებს აუჩქარე ერთი სული მაქვს როდის მივალ. მითითებული სახლიდან ცაცო პაპა გამოვიდა. კითხვისას ხომ არ ფლობდა ინფორმაციას ოლა სოლოღაშვილის შესახებ ცრემლები მოეძალა მოხუცებულს, ნელა ჩამოუყვა კიბეებს და ხელიდან ამობეჭდილი ის ფურცელი გამომართვა სადაც მისი წინაპარი ნათესავის ფოტოა დაბეჭდილი.
კი ეს არისო, ჩვენც გვქონია ფოტო მაგრამ დაიკარგაო, ბებიას და ოლას ერთობლივი ფოტო იყო. როგორ არცერთი ფოტო არ გაქვთ შემორჩენილი ? ვეკითხები და თავადაც ვხვდები, რომ ვერ ექნებოდათ იმის გათვალისწინებით რასაც მოხუცი მიყვება როგორ დაანგრიეს ორ ოთახიანი სახლის ერთი ოთახი ღამით დედამ და მამამ, მაშინ როცა 6 წლის იყო და ეძინა, იმის შიშით, რომ საბაბად ეს ერთი ოთახიც გამოდგებოდა გასაკულაკებლადაც და დასაპატიმრებლადაც .ცაცო პაპას მამა მაინც დაიჭირეს უკვე დარჩენილი ერთი ოთახითაც და გააციმბირეს. დასმენით კი ის საკუთარ მოყვარეს ანუ ცოლის ძმას დაუსმენია, ბრალდება არ უთქვამს არც მე ჩავძიებივარ, არ მინდოდა მოხუცს მძიმე წარსული ხელახლა განეცადა. ვეუბნები, რომ მათ უნდა იამაყონ ოლა სოლოღაშვილით, არა მხოლოდ მათ, სოფელმაც რომელმაც დღესაც არ იცის ამ ამბის შესახებ, და ყველამ ვისაც საღი აზრი გააჩნია უნდა გვახსოვდეს ოლაც და სხვებიც, რომლებმაც კარგად იცოდნენ საკუთარი განაჩენი დინების საწინააღმდეგოდ ცურვისათვის და მაინც იცურეს სამშობლოსათვის. ოჯახთან დამშვიდობების შემდეგ ემოციებით დამძიმებული მოვუყვები გზას, წვიმს, კიდევ კარგი თორემ ქუჩაში გამვლელები ალბათ შეწუხდებოდნენ რა გატირებსო. ავტობუსის გაჩერებასთან მივაღწიე, ავხედე ოქროსფერ ძეგლს სტალინისას და გავიფიქრე: ოლას სოფელშიც დგახარ, ბედის ირონიაც ამას ქვია!
გამოყენებული წყაროები
საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი #1833, ანაწერი #1, საქმე #160. საქართველოს შსს-ს არქივი (1-ლი განყოფილება), ფონდი #8. Aლლ რიგჰტს რესერვედ. ჰ. ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო!
No comments:
Post a Comment