ივანე კოპაძე
რეჟისორი გრეგორ ჯორდანი
ამერიკის შეერთებული შტატების
2001 წლის ტრაგედიის შემდეგ მრავალი ფილმი იქნა ამ მოვლენებზე და ზოგადად ტერორიზმის საფრთხეზე გადაღებული. ყველა ეს ფილმი ცუდად თუ კარგად ხაზს უსვამს ტერორიზმის საშიშროებას და იმას, რომ ამ ყველაფრის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი იყოს. თუმცა ყველა ასეთი ტიპის ფილმებისგან განსხვავებით
2010 წელს გრეგორ ჯორდანის მიერ გადაღებული ფილმი „წარმოუდგენელი“ პუბლიკისთვის შოკი აღმოჩნდა. მან ერთნაირად აღაშფოთა კრიტიკოსთა ლიბერალური ფრთაც და პატრიოტ ამერიკის მოქალაქეთა ნაწილიც, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაითავისეს, რომ მიუხედავად ტერორიზმის წინააღმდეგ გამოყენებული სასტიკი მეთოდებისა, შეიძლება
რომ ამერიკა ტერორისტებთან მაინც დამარცხდეს, ამ დამარცხების მიზეზი კი ხშირად ისევ ჩვეულებრივი მოქალაქეები ხდებიან.
„წარმოუდგენელი“ არის ფილმი რომელიც ეკრანზე წარმოგვიდგენს ამერიკის ხელისუფლების მიერ
2002 წელს მიღებულ პატრიოტ აქტის პრაქტიკაში განხორციელებას. სწორედ ამ აქტით, რომელსაც მხარი პრეზიდენტმა ბუშმა და კონდოლიზა რაისმა დაუჭირეს, უფლება მიეცა ამერიკის სპეცსამსახურებს გამოიყენონ დაკითხვის ალტერნატიული მეთოდები ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირებთან. გრეგორი ჯორდანის ფილმიც სწორედ ამ მეთოდების მორალურ მხარეს უსვამს ხაზს - შეიძლება თუ არა ქვეყნის გადასარჩენად გაიმეტო ტერორისტი?
ფილმი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიუჟეტით იწყება, პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოჰაიოელი არტურ იანგერი საინფორმაციო საშუალებების მთავარი გმირი ხდება, თუმცა გამოძიების ფედერალურ ბიუროში ამ დროს განსაკუთრებულ დავალებებს იღებენ - იპოვონ ყველა შესაძლო გზით იანგერი. ცოტა ხანში კი ფედერალური ბიუროს ორი აგენტისთვის ყველაფერი ცხადი ხდება, ისინი ჩართულები არიან სრულიად გასაიდმლოებულ ოპერაციაში, რომელსაც
2007 წელს კონგრესში მიღებული უსაფრთხოების აქტის მიხედვით აშშ-ს სამხედრო ძალები ხელმძღვანელობენ. ოპერაციის მიზანია იპოვონ იუსუფ ათა მუჰამედი, ყოფილი არტურ იანგერი, რომელმაც ამერიკის სამ ქალაქში ბირთვული ბომბები განათავსა. ოპერაციის
მიზანია 72 საათში მიაგნონ სამივე ბომბს და მიიღონ ჩვენება დაკავებული იანგერისგან.
ფედერალური ბიუროს ახალგაზრდა აგენტი ჰელენ ბროდი იანგერის დაკითხვის პირველივე მცდელობისას მეტად უცნაურ პასუხებს აწყდება. მიმართვაზე, რომ დაკავებულს უკანონოდ მოექცნენ და მალე მას გაათავისუფლებს იანგერი პასუხობს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში საჭიროა ტერორიზმთან ბრძოლაში. სწორედ ამ დროს ჩნდება სამუელ ელ ჯექსონის გმირი ეიჩი
(H), რომელსაც ოპერაციის ხელმძღვანელობა სრულ თავისუფლებას აძლევს დაკითხვის წარმოებაში.
ეიჩის დაკითხვა წამების მარტივი მეთოდებით იწყება, ის თითის მოჭრით იწყებს და თან აღშფოთებულ მაყურებლებს პასუხობს, რომ ეს მხოლოდ თითია, რომელიც ეჭვმიტანილს კიდევ 9 აქვს. აღშფოთებული აგენტი ჰელენი თანდათან იღებს კითხვებზე პასუხს თუ რატომ აძლევენ ეიჩს ამდენის უფლებას. ჰელენი ჯიუტად ცდილობს შეეწინააღმდეგოს აზრს, რომ თუ ბომბები აფეთქდა ვერც ამერიკა და ვერც ამერიკის კონსტიტუცია ვეღარ იარსებებს. ჰელენი ცდილობს დაარწმუნოს ეიჩი, რომ წამებით ვერაფერს გახდება, თუმცა ეიჩის მწარე სიმართლე ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. მან იცის, რომ სინამდვილეში პრობლემა არა მტრებში არამდედ ამერიკელებშია, პრობლემა იმ ღირებულებებშია, რომლის დაცვისთვისაც უამრავი ადამიანი ეწირება მტერს და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მტერს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია.
გამოძიების მსვლელობისას ნელნელა ყველაფერი ცხადი ხდება, აგენტი ბროდი ხვდება, რომ იანგერმა თავი თვითონ დააჭერინა სპეცსამსახურებს, რათა დაეცინა მათთვის და ეთქვა, რომ იგი ყველაფრისთვის მზადაა, მათ შორის წამებისთვის.იანგერი საწადელს აღწევს და ეიჩის ლეტალური მეთოდებისგან თავისუფლედება, დაკითხვას კი ჰუმანური აგენტი ბროდი იბარებს. იანგერი არწმუნებს ბროდს, რომ ბომბები არ არსებობს და დასტურად იმ მისამართს აძლევს სადაც მუქარის ვიდეო ჩაწერა. აი სწორედ აქ ირღვევა მოვლენათა ჯაჭვი, რადგან ბროდი თავის უსუსურობას ხვდება. იანგერმა მათ მუქარის ვიდეოში სამი ბომბის შესახებ უთხრა, მაგრამ არ უხსენებია ის კიდევ ერთი შესაშინებელი აფეთქება, რომელსაც ბროდისნაირ ჰუმანურად განწყობილებს უმზადებდა და რომელსაც ბირთვული სამი ბომბის აფეთქებამდე 53 ადამიანი ეწირება.
საკუთარ თავზე გაბრაზებული აგენტი ხვდება თუ რა საშინელ მტერთან აქვს სინამდვილეში საქმე, რომ მტერი საკუთარი გმირობის დასამტკიცებლად წამებისთვის შეგნებულად შეემზადა და ძალით ჩაუვარდა ხელში გამოძიებას რათა ამერიკისთვის თავისი ლიბერალური პოლიტიკის კრახი დაენახვებინა.
დრო იწურება, სამი ბირთვული ბომბის აფეთქებამდე, რომელსაც შეიძლება 10 მილიონამდე ადამიანი შეეწიროს სამი საათი რჩება. ახლა უკვე ეიჩს და მის მეთოდებს თვით ჰუმანური ბროდიც კი უთანაგრძნობს. მაგრამ რაც უფრო ცოტა დრო რჩება თვით ეიჩის პიროვნებაც უფრო და უფრო ღელდება, რადგან გრძნობს, რომ შეიძლება ტერორისტი იანგერი ვერ გამოტეხოს.
ამ დილემის წინაშე მყოფი სპეცსამსახურებისთვის უეცრად ახალი კოზირები ჩნდება, ისინი იანგერის ცოლს პოულობენ და ტერორისტის გამოსატეხად ცდილობენ მასთან ერთად დაკითხონ ეიჩის მეთოდებით. სწორედ ამ დროს, როცა ეიჩი გადაწყვეტს ტერორისტის გამოსატეხად მისი ცოლიც აწამოს, მთელი დამსწრე საზოგადოება უეცრად მის წინააღმდეგ მიდის, მათში ერთიანად იღვიძებს ჰუმანურობის ნიადაგზე ამოზრდილი მორალი და ცოლის უვნებლად გაყვანას ცდილობენ. ეიჩმა იცის, რომ ყველას აქვს თავისი სუსტი წერტილი, თუნდაც ეს „ყველა“ კარგად მომზადებული ტერორისტი იყოს. იგი აცნობიერებს, რომ იანგერისთვის ოჯახი სულაც არ არის ის თამასა, რისი სასწორზე დადებაც შეუძლია. ამ ფიქრით შეპყრობილი ეიჩი გადამწყვეტ ნაბიჯს დგავს და ოპერაციის ხელმძღვანელების და ბროდის თვალწინ იანგერის ცოლს ყელს ჭრის.
დუღილის ტემპერატურა თანდათან იმატებს, გამოძიებას აღარაფერი დარჩენია ეიჩის გარდა, სწორედ ამიტომ თანხმდებიან მას საკუთარი მეთოდებით იმოქმედოს და ამისთვის მას ტერორისტი იანგერის ბავშვებს აძლევენ. ეიჩი არწმუნებს ყველას, რომ ბავშვები მხოლოდ შესაშინებლად სჭირდება და სინამდვილეში მათ არაფერს დაუშავებს. მეთოდი ამართლებს. საწამებელ კამერაში შეყვანილ ბავშვების დანახვაზე იანგერი ტყდება და სამი ბომბის ადგილსამყოფელს ამხელს, მაგრამ უეცრად ეიჩი საწამებელ კამერაში იკეტება და მიუხედავად გამხელილი ბომბების ადგილსამყოფელისა, ბავშვების მიმართ უკანონო მოპყრობას აგრძლებეს. ამაზე კი ყველა ეიჩის წინააღმდეგ ირაზმება და საბოლოოდ
ბავშვებს დაკითხვის ოთახიდან აშორებენ.
სწორედ ამ დროს კი ეიჩი გამოძიების ხელმძღვანელობას უმხელს იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რაც ვერც ფედერალურმა ბიურომ და ვერც სხვებმა ვერ გააანალიზეს. ტერორისტ იანგერს
16-18 ფუნტი ბირთვული ბომბის დასამზადებელი ნივთიერება ჰქონდა, თითოეული ბომბის დამზადებისთვის კი მან დაახლოებით 3-4
ფუნტი გამოიყენა. გამოდის რომ იანგერმა სამის ნაცვლად ოთხი ბომბი დაამზადა. იანგერი გამოძიებას თავად ჩაუვარდა ხელში და თავადვე უთხრა, რომ სამი ბომბი არსებობდა. მან კარგად გათვალა, რომ გამოძიება მისგან სამ ბომბზე შეეცდებოდა ჩვენების მიღებას და გამოტყდომის შემთხვევაში მეოთხე საიდუმლოდ დარჩებოდა.
ამის მიხვედრის შემდეგ მორალური ფედერალური ბიუროს აგენტი ჰელენი ეიჩს გამოსავლის პოვნას სთხოვს, ეიჩი კი სთავაზობს, რომ დაწყებულ საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულებს, თუ ჰუმანურად განწყობილი აგენტი თავადვე გააკეთებს ბავშვების მიმართ ეიჩის გასაკეთებელ საქმეს. ამ დროს კი აგენტი ჰელენი პასუხობს, რომ ის ამერიკის მოქალაქეა, სადაც მაღალი ღირებულებების მქონე ხალხი ცხოვრობს და თუნდაც ბომბი აფეთქდეს, ის მაინც არ დაუშვებს ბავშვების წამებას. საბოლოოდ იანგერი იმარჯვებს, ბავშვები კვლავ თამაშგარე რჩებიან და დასვენებული ტერორისტი ხელისუფლების წამომადგენლის იარღით თავს იკლავს. სამი ბომბი აღმოჩენილია, მაგრამ ფილმს მეოთხე მოქმედი
ბომბის კადრი ასრულებს, რომელსაც ხელისუფლებამ ვერ მიაგნო.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ფილმში დაპირისპირებულია ორი იდეოლოგიური ბანაკი, ჰუმანური ლიბერალური საზოგადოება და ეიჩის სახით წარმოდგენილი პრაგმატულ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მზად არიან თავის სამშობლოსთვის და საყოველთაო მშვიდობისთვის ყველაფერი გააკეთონ. რეჟისორი ფილმით ცდილობს დაგვანახოს, რომ მტერს ღირებულებები არ გააჩნია ომში. მტრისთვის არ არსებობს არც ომის კანონები და არც ჟენევის კონვენცია წამების წინააღმდეგ. რეჟისორი გვაჩვენებს, რომ თუ ძლიერ ამერიკას რამე დაღუპავს, ეს ისევ თავისი საზოგადოება იქნება, რომელსაც ურჩევნია მტრის შვილებისთვის საკუთარი ბავშვები გაწიროს.

No comments:
Post a Comment