Thursday, December 18, 2014

ახია ჩვენზე!


ნოდარ სხირტლაძე
„ერთადერთი ისტორია დაგვრჩა და მასაც გვართმევენ“ - პოლიტიკოსებმა ყიჟინა მაშინ დასცეს, როცა ცნობილი გახდა, რომ ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების გამო იუნესკო მის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღებას აპირებდა. ის მოყიჟინე პოლიტიკოსები მაშინ ოპოზიციაში კი იყვენენ და ხშირად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას. მაგრამ მათი ყიჟინი მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ჩანდა, რადგან „ოპოზიციონრებმა“ არგუმენტებად მოიშველიეს  ისტორიკოსების, სასულიერო პირების, არქეოლოგების და რაღა თქმა უნდა ექსპერტების დასკვნები,
რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია  მიმდინარეობს სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული პროექტის უხეში დარღვევით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი კი ანათემას გადასცეს(საფუძვლიანად თუ უსაფუძვლოდ). „ერები ისტორიას აყალბებენ და ჩვენ რაც გვაქვს, იმასაც არ ვუფრთხილდებით. ეს გამყიდველები თუ არ გავუშვით პოლიტიკურ მოუსავლეთში, საქართველო აღარ იარსებებს“—„ოპოზიცონრების“ გულზე მჯიღის ბრახუნი მესიის იმედად მყოფმა ინერტულმა საზოგადოებამაც იწამა.
ბაგრატის ტაძარი დღეს აღარავის ახსოვს. ახლა საყდრისზეა ატეხილი ვნებათაღელვა. ორივე ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. მაშინაც ყველაფერი იდეალურად იყო, თუმცა მხოლოდ ქაღალდზე. მაშინაც არ ირღვეოდა კანონი. მაშინაც თავზესაყრელად იყვენენ ექსპერტები, მაშინაც ფეხზე ეკიდა ყველაფერი „წილხვედრ“ ერს. ორ ამბავს შორის პატარა განსხვავება ისაა, რომ მოყიჟინე „ოპოზიციონერი“ პოლიტიკოსები დღეს პარლამენტში არიან  დასაქმებულნი.
თანაც არა მხოლოდ დასაქმდნენ, მენტორის კილოც აიღეს. „კანონთან დაკავშირებით ნორმაშია ყველაფერი“-ამბობს დიდი ნაპროკურორალი. ეტყობა არ იცის, რომ კულტურულ ძეგლზე კანონის აფარება არ ვარგა.
„ნაციონალურ მოძრაობას კულტურულ ძეგლებზე არაფერი აქვს სასაუბრო“ --კარგი, ბატონო, შეიძლება ჩვენც გეთანხმებით, მაგრამ უკვე თქვენც რომ აღარაფერი გაქვთ სასაუბრო? შეიმეცნეთ როგორმე, რომ აღარ ხართ ოპოზიციაში. თქვენი საქმე დღეს შენებაა და არა წარსულის კრიტიკა. მოეშვით „აბაროტებს“ და ბავშვურ ცელქობებს.
ბენდუქიძე რომ ცოცხალი იყოს, ისევ გაიმეორებდა: „ყველაფრის გაყიდვა შეიძლება“. თქვენი შემხედვარე ამ ფრაზის გამეორების არც შერცხვებოდა.
მართლა სატირელია რა. ის ხალხი, რომლებიც არჩევნებამდე ერთ ადგილას მახათის გაყრით იყვნენ დაკავებულნი, არჩევნების დროს მოსახლეობას მხარდაჭერას ეხვეწებოდნენ და საქართველოს გაბრწყინებას პირდებოდნენ, არჩევნების შემდეგ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ხელისუფლებაში დასაქმდნენ და ფეხზე ჰკიდიათ ქვეყნის წარსულიც და მომავალიც.  ამავე დროს მართლებიც არიან, ჭეშმარიტი მამულიშვილებიც და ქვეყნის მომავალიც აღელვებთ.
ჩვენზეც ახია. ვერაფრით მვხვდით, რომ ხსნა მხოლოდ პოლიტიკოსებში არ უნდა ვეძებოთ.

ბაგრატის ტაძრის და საყდრის მაგალითიდან ჩანს, რომ თქვენ ხელისუფლებაში  მხოლოდ სამაგიეროს გადახდის სურვილით მოხვედით.

No comments:

Post a Comment