ანი ბალიაშვილი
მე ჩემი მშობლების შვილებიდან მეოთხე გოგო ვარ. მახსოვს მამაჩემთან სტუმრად მოსული მეგობრები როგორ ხუმრობდნენ მის ბევრ გოგოებზე. აქილიკებდნენ იმის გამო, რომ მას ბიჭი არ „გამოუვიდა“ . - ეს რომელია?? მეოთხე?? ვაჰ, ამანაც არ გაგიმართლა ჰო?? ვაჰ ჰა..ჰა....“
თურმე არ გავუმართლე. ასე გადაწყვიტა საზოგადოებამ. ჩემი დაბადება შეცდომა იყო, მეუბნება ის. ჩემს მაგივრად მამაჩემს ბიჭი უნდა ჰყოლოდა, რომელიც გვარის გაგრძელებით გაამართლებდა საკუთარ არსებობას. საზოგადოება ამქვეყნად მოვლენაში მადანაშაულებს, რაც ჩემი არჩევანი არ ყოფილა...
დღეს, როდესაც ქალების მიმართ გამოვლენილ ძალადობას ვაპროტესტებთ, ვმართავთ აქციებს, ვერთვებით დისკუსიებში და ვჩხუბობთ მეგობრებთან, სკეპტიკოსები არაადეკვატურობაში გვადანაშაულებენ. გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და ფემინისტური ოგანიზაციების პროპაგანდის შედეგია. დავუშვათ ასეა.. მაშ
- რატომ ითვლება ოჯახის ქონების ერთადერთ მემკვიდრედ მხოლოდ ვაჟი?
-რატომ ითვლება მამაკაცი გადაწყვეტილების მიმღებად და ქალი მის დაქვემდებარებულად?
მაგ: სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობისას, სასოფლო კრებაზე მხოლოდ კაცები მონაწილეობენ. რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ სოფელში ჟურნალისტმა გვერდით მორიდებულად მდგომ ქალების ჯგუფს ჰკითხა, რატომ არ მონაწილეობდნენ გამოკითხვაში. პასუხი: - ეს ქალების საქმე არ იყო, კაცები გადაწყვეტდნენ, რა სჭირდებოდა სოფელს.
- რატომ ითვლება ოჯახი შემდგარად მხოლოდ მაშინ, როდესაც ბიჭი შეეძინება (თუნდაც მანამდე 4 გოგო ჰყავდეს)?
„ვაჟკაცებს, პირველი გოგო ჰყავთ ძმაო“ - მოისმენთ აშკარად გულგატეხილი მამისგან, რომელიც ძმაკაცების დაცინვის თავიდან ასაცილებლად თავს ინუგეშებს.
- ერთი ანეკდოტიც გამახსენდა (შესაძლოა სიმართლეც იყოს) „კახეთში ერთი კაცი ცხოვრობს, 6 გოგო ჰყავს და უშვილო გოგიას ეძახიანო“.
- რატომ არიან ასე ცოტანი ქალები თანამდებობებზე, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე?
იმიტომ, რომ არსებობს გამოთქმა: “ქალის ჭკუა თხამ შეჭამაო“. ქალი ან სექსუალური ობიექტია, ან რეპროდუქციული ფუნქციის მატარებელი. ჩვენ უბრალოდ არ აღგვიქვავენ სერიოზულად.
მეტიც, ბოლოდოინდელმა ფაქტებმა იმდენი დამცინავი და ცინიკური გამონათქვამები წამაკითხა სოციალურ ქსელში, საშინლად შეურაცხყოფილი ვარ. პრინციპში რა გასაკვირია, გარემოში, სადაც თუ პარამეტრებს 90/60/90 არ აკმაყოფილებ ათმაგად ბევრის სწავლა და შრომა გჭირდება წარმატების მისაღწევად.
- რატომ არიან თვითონ ქალები ასეთი შეუწყნარებლები ერთმანეთის მიმართ??
იმიტომ, რომ ისევ საზოგადოებრივი აზის ეშინიათ, რადგან მათ თვალში „კარგი და პატიოსანი ქალის“ როლის მორგებას ცდილობენ. ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, სადაც თავისუფლად ვიტყვით რა მოგვწონს და რა არა?? გამოხვალთ და მკითხავთ ვინ დაგიშალაო?? მე - არავინ. მაგრამ გოგონებს მუდმივად უწევთ სუსტი და დაუცველი არსების თამაში ბიჭების ყურადღების მისაქცევად, იმიტომ, რომ თუ გამოამჟღავნე, რომ ძლიერი ხარ, დამოუკიდებლად შეგიძლია საკუთარი პრობლემების გადაწყვეტა, ცდილობ მოიპოვო თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, ესე იგი მასკულინური ხარ, კაცები გეჯავრება და შესაძლოა ლესბობელიც იყო . ასე ფიქრობს დღევანდელი საზოგადოება ჩვენზე.
სტერეოტიპებით სავსე ამ გარემოში ბიჭებიც არიან მსხვერპლები. თუ საკუთარი უპირატესობა არ გამოამჟღავნეს, როგორიცაა მაგალითად კაფეში ანგარიშის გადახდა, გოგოს არ მოეწონება. ამიტომ ცდილობს, ყველგან გამოამჟღავნოს, სადაც ამის შესაძლებლობა მიეცემა.
23 მოკლული ქალი. ეს უკვე აღარ არის „შემაშფოთებელი სტატისტიკა“, ეს უკვე ტრაგედიაა.
ჰოდა სანამ სოციალურ ქსელში დამცინავ და ცინიკურ სტატუსებს დაწერდეთ, იქნებ ერთ-ერთის ახლობლად მაინც წარმოიდგინოთ თავი.
ვეცადე არსებული პრობლემის ჩემეული მაგალითები დამეწერა.
მე არ ვიცი, ვარ თუ არა ფემინისტი, დეფინიციებს არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ მინდა, თუ ასეთად ჩამთვლით, იცოდეთ, რომ არც ლესბოსელი ვარ და არც კაცთმოძულე.
გმადლობთ ყურადღებისთვის.

No comments:
Post a Comment