Monday, October 6, 2014

სოციალური საწარმო და ტრენინგ-ცენტრი ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის

გოგა აფციაური
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მედიით გავრცელებულმა ციხის კადრებმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, შეიცვალა დამოკიდებულება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირების მიმართ. ბევრ მათგანს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებდნენ. იმართებოდა საპროტესტო აქციები არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. არაერთი ანალიტიკოსის აზრით სწორედ ამ კადრებმა განაპირობა არჩევნებზე მმართველი ნაციონალური მოძრაობის მარცხი. ხელისუფლებაში მოსული კოალიცია „ქართული ოცნება“ გამოწვევის წინაშე დადგა.
სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებების რეფორმირება, პოლიტპატიმრები ციხეებიდან დაუყონებლივ უნდა გათავისუფლებულიყვნენ და გამოცემულიყო შეწყალების და  ამნისტიის აქტები. ათობით ათასმა  ადამიანმა ციხე დატოვა, მაგრამ სახელმწიფო სხვა მასშტაბური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. დღის წესრიგში დადგა  მათი რესოციალიზაციის და დასაქმების პრობლემა, რომელიც დღემდე გადაუჭრელია, შეიქმნა საფრთხე კრიმინოგენული ვითარების დაძაბვისა და ეს საზოგადოებამ გასულ თვესაც იგრძნო. 2 წლის განმავლობაში რამდენიმე ასეული ადამიანი ისევ ციხეში დაბრუნდა,  გარეთ დარჩენილები კი ისევ სამსახურებს ეძებენ, სახელმწიფოსთან ერთად კი მათ რესოციალიზაციაზე ზრუნვას უკვე არასამთავრობო სექტორიც იწყებს.

გუჯამ 6 წელზე მეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარა. ამბობს, რომ ეს იყო უმძიმესი წლები მის ცხოვრებაში.  ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამსახურის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოდიოდა,  თუმცა ხელი არ ჩაუქნევია. მოგვიანებით შეიტყო, რომ  სატრენინგო ცენტრში ყოფილ პატიმრებს და პრობაციონერებს სხვადასხვა ხელობას ასწავლიდნენ.  გუჯა  2 თვეში მეავეჯის პროფესიას დაეუფლა და თბილისში ერთ-ერთ საწარმოში სამსახურიც იშოვა. ტრენინგ ცენტრს რომელიც „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია  თანხმობამ“ შექმნა გუჯა ახლაც აკითხავს და აკვირდება ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები ახალ ხელობას როგორ ეუფლებიან. 
 
ინტეგრირებული ტრენინგ ცენტრის გარდა ამავე ბაზაზე უკვე სოციალური საწარმოც გაიხსნა, სადაც წარმატებული ბენეფიციარები დასაქმდებიან. პროექტი, რომელსაც ასოციაცია თანხმობა და საერთაშორისო ორგანიზაცია ილვსვერკ ავსტრია (HILFSWERK AUSTRIA INTERNATIONAL) ერთობლივად ახორციელებენ მიზნად ისახავს ყოფილი მსჯავრდებულების, პრობაციონერების, დევნილი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების საზოგადოებაში რეინტეგრაცია, რესოციალიზაციას განათლების, დასაქმების და პიროვნული მხარდაჭერის გზით. პროექტის სახელწოდებაა „ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისკენ“. სატრენინგო ცენტრში 160 ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაეუფლოს შემდუღებლის, მეავეჯის ან ბიზნეს მენეჯერის  სპეციალობას.  პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი არსოშვილის აზრით ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების საზოგადოებაში ღირსეული დაბრუნების პრობლება სახელმწიფოსთან ერთად თითოეული მოქალაქის საზრუნავი უნდა იყოს და მესამე სექტორი ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს უკვე დგამს.  
 დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე აცხადებს რომ ეს არის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწყებული საპილოტე პროექტი, რომელიც ევროკავშირის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდა. პროექტში ჩართულმა პირებმა კი გარკვეულ წარმატებას უკვე მიაღწიეს.

„იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია  თანხმობა“ დიდი ხანია შიდა ქართლის რეგიონში პროექტებს ახორციელებს, მათი ბენეფიციარები ძირითადად დევნილები იყვნენ ხოლმე , მაგრამ ასოციაციის ხელმძღვანელის იულია ხარაშვილის განცხადებით სხვა რისკჯგუფებიც არსებობენ, რომელთა დასახმარებლად დევნილებთან დაგროვილი გამოცდილება გადმოიტანეს.  

ტრენინგ ცენტრის და სოციალური საწარმოს გარდა პროექტის ავტორები მოხალისეებს მენტორობას სთავაზობენ. დატრენინგებული მენტორები რამდენიმე თვის განმავლობაში ყოფილ პატიმრებთან და პრობაციონერებთან იმუშავებენ და მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებიან. ჰილვსვერკ ავსტრიის რეგიონული მენეჯერი ნიკოლ მარია ბაუერი აცხადებს რომ ეს მოდელი ევროპის ბევრ ქვეყანაში წარმატებულად მოქმედებს, როცა სამოქალაქო და სასულიერო პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გამოსულ პირებს თანადგომას უცხადებენ და მათზე ზრუნავენ.
 
სოციალური საწარმოს გახსნის ცერემონიალზე ცენტრის ბენეფიციარებმა იქ მყოფი საზოგადოებისგან საოფისე ავეჯზე შეკვეთებიც  მიიღეს. უკვე გამოცდილი გუჯა სხვა ყოფილ პატიმრებს და პრობაციონერებს რჩევებს აძლევს და ეხმარება. მისი თქმით ეს საწარმო კარგი მაგალითია იმისა თუ  როგორ შეიძლება ციხიდან გამოსვლის შემდეგ ადამიანმა ახალი ცხოვრება დაიწყოს და უკან დაბრუნებაზე აღარ იფიქროს.


No comments:

Post a Comment