Sunday, September 14, 2014

ლოტოტრონი და თვითმმართველობა



ანი ბალიაშვილი - მოქალაქე


30 წლის. პროფესიით ჟურნალისტი. მედიაში თითქმის არ მიმუშავია. თითქმის.
ზუსტად 1 თვისა და 13 დღის წინ მე მქონდა ისეთი გრძელი ტიტული, რომელზეც ყველა ხუმრობდა, ვისაც არ ეზარებოდა: კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის.....და გაგრძელება რომ დაეზარებოდათ .... სხვა დანარჩენის სამსახურის უფროსი.
მქონდა კაბინეტი, რომლის ერთი კედელი ჩემი სადაბადებისდღევო მისალოცი ბარათებით იყო სავსე. ამას ემატებოდა 2 ბუკლეტი სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობაზე, 1 წითელი ყაყაჩო - 2008 წლის ომის სიმბოლო, ლიტერატურული კონკურსის საინფორმაციო ბუკლეტი, ლუკას და გაბის ფოტოები, ხატი, რომელიც საღოლაშენის საჯარო სკოლის დირექტორმა მაჩუქა და არცერთი სერტიფიკატი.


საჯარო მოხელეების კაბინეტებს ხშირ შემთხვევაში სერტიფიკატები და ხატები ამშვენებენ. არც ერთის წინაარმდეგი ვარ და არც - მეორის. უბრალოდ, მე მხოლოდ იმას ვკიდებდი, რაც ჩემთვის გარკვეულ ემოციასთან იყო დაკავშირებული. რელიგიურობის მტკიცება ხატების გამოფენაში არ გამოიხატება..არც სერტიფიკატების გამოფენით მტკიცდება შენი პროფესიონალიზმი. ასე მეგონა მე..
ცოტა მეძნელება ამ ყველაფერზე წარსულ დროში საუბარი. ერთ სამსახურში 7 წლის განმავლობაში მუშაობა გარკვეულ ჩარჩოებში გაქცევს. მაგალითად,რამდენიმე დღის წინ  ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი სტუმრად და საკუთარ საუბარს რომ მოვუსმნინე, მივხვდი, მუნიციპალიტეტის თანამშრომლის ამპლუიდან გამოსვლა მიჭირს და კარგა ხანს კიდევ გამიჭირდება.
 7 წლის განმავლობაში გამოვიცვალე ორი პოზიცია, 4 ხელმძღვანელი და უამრავი ფეხსაცმელი. კიდევ კარგი ეს ყველაფერი მხოლოდ 7 წელს გაგრძელდა.
საჯარო სამსახურში მუშაობისას მე შევიძინე პროფესიული გამოცდილება, მეგობრები, ახალი კონტაქტები, თავდაჯერებულობა, ადამიანების შეცნობის უნარი, თვითგადარჩენის ინსტიქტი და რამდენიმე მტერი.
დავკარგე დრო, რომელსაც გამოვიყენებდი საყვარელ ადამიანებთან გასატარებლად და სწავლისთვის; ნერვები, რომელსაც სავარაუდოდ ვეღარ დავიბრუნებ (სამაგიეროდ ამის წყალობით შევიძინე „სტრესულ სიტუაციასი მუშაობის უნარი“. ეს საჭირო მოთხოვნაა ზოგიერთ ვაკანსიაზე. თუ არ გჯერათ, შეამოწმეთ); დავკარგე რწმენა, რომ ვინც გიღიმის ყველა შენი მეგობარი არ არის და გავცვითე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უამრავი ფეხსაცმელი.
მე არ მომწონს, როცა ადამიანები მთელი ცხოვრება ერთ სამსახურში მუშაობენ, იქ ბერდებიან და სხვაგან გადასვლის შესაძლებლობა რომც მიეცეთ, ალბათ უარს იტყვიან. ასეთი მიჯაჭვულობა საჯარო სამსახურს ახასიათებს. ვერ ვხსნი ეს რითაა გამოწვეული. ჩემი აზრით, „ყველაზე მომნხიბვლელი“ მაინც ის ფაქტორია, როცა შესაძლებლობა გაქვს ვიღაცას რაღაც გაუკეთო, დაეხმარო. ეს თავს საჭირო ადამიანად გაგრძნობინებს. ეს კი, მოგეხსენებათ, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილებაა.
გარდა ამისა, საქართველო არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ უმრავლესობა კერძო სექტორში საქმდებოდეს . რამდენადაც ვიცი, განვითარებულ ქვეყნებში საჯარო სამსახური ამ დონეზე პრესტიჟულად სულაც არ ითვლება.
მოკლედ, მოხდა ისე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მე, როგორც სამსახურის უფროსს, უფლებამოსილება შემიწყდა. დაანონსდა თათბირი, რომელზეც ჩვენმა ხელმძღვანელმა(მუნიციპალიტეტის გამგებელმა) უნდა გამოაცხადოს ვის დატოვებს სამსახურში და ვის არა. არანაირი წერილობითი გაფრთხილება, არანაირი შეტყობინება. ეს ჰგავდა გათამაშებას, სადაც ლოტოტრონიდან იღებენ „გამარჯვებულის“ სახელსა და გვარს. ამ შემთხვევაში ლოტოტრონმა მხოლოდ ჩემი სახელი და გვარი ამოარჩია, ოღონდ გამარჯვებულის ამპლუაში არა.
ალბათ საკუთარ გონებაში ყველას აქვს წარმოდგენილი სურათი, როგორ მოდის სამსახურიდან. ჩემს წარმოდგენაში არცერთხელ ყოფილა ცრემლები. მე უმრავლესობის აზრით საკმაოდ „ძლიერი“ პიროვნების იმიჯი მაქვს და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შევამჩნიე, რომ ვტიროდი. ამის გამო ჩემს აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელსაც კი მოვუხადე ბოდიში:-ბოდიშს გიხდით, რომ ვტირი, საერთოდ ასეთი არ ვარ მეთქი.
ბუნებრივია აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ ეს ყველაფერი უსამართლოდ მოხდა, რომ შენ არ იმსახურებდი ასე უკომენტაროდ და უმიზეზოდ გამოშვებას, რომ .....აზრი აღარ აქვს..ფაქტია. მას აღარ მოუნდა შენთან ერთად მუშაობის გაგრძელება. რა პრობლმაა??შენ ჩამოდიხარ დაბლა, ემშვიდობები თანამშრომლებს, კედლიდან იღებ შენს მისალოც ბარათებს და იმ ნივთებს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და მიდიხარ სახლში.
ვინ სამსახურიდან არ წამოსულა არა??ვეცადე ყელში არავისთვის ამომეყვანა. უამრავი შემოთავაზების მიუხედავად საჯაროდ მხოლოდ რამდენიმეჯერ ვისაუბრე ამის შესახებ. „სარეაბილიტაციო“ პერიოდიც საკმაოდ მალე დავძლიე. რამდენიმე საინტერესო პროექტში ჩართვამ თავი ისევ რეალიზებულ ადამიანად მაგრძნობინა. ის კი არა, ჩემს შემცვლელთანაც კი ვიყავი მისული ჩემს ყოფილ კაბინეტში და დამიჯერეთ, ყოველგვარი ემოციის გარეშე ჩამოვუჯექი სტუმრისათვის გაკუთვნილ სკამზე სასაუბროდ. არადა მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სკამი შემომთავაზა, ჩემი ყოფილი სკამი.
გუშინ დავესწარი ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემი ადამიანის კორნელი კაკაჩიას ტრენინგს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაზე. ამ სემინარის ჩატარება ცოტა ხანში მეც მომიწევს რამდენიმე საჯარო სკოლაში. ბატონ კორნელის ყურადღებით ვუსმენდი. მაინტერესებდა ევროკავშირთან ასოცირება თუ გვავალდებულებს საჯარო მოხელეების „ლოტოტრონის“ პრინციპით სამსახურიდან გაშვებაზე. გაირკვა, რომ არ გვავალდებულებს.
მე მინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო არ გამოგიშვებენ, რომ „ლოტოტრონმა“ ასე გადაწყვიტა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მოსწავლეებს, რომლებიც შემდგომ გახდებიან საჯარო მოხელეები, ასეთი რამე ვეღარავინ გაუბედოს.




No comments:

Post a Comment