Saturday, October 18, 2014

მონობა მონობაა, ვისი ყმაც არ უნდა იყო!

                                            

           „...თავისუფლება ისე არ მოდის თავისუფლება ლომთა ხვედრია“ !

თამაზ მაყაშვილი
 ლამაზი სიტყვებია და რეალური.  თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარების ისტორიას  მის  ყველა ეტაპზე და მსოფლიოს ყველა კუთხეში,  ადამიანების, ქვეყნების  უპირველესი საზრუნავი   უმრავლეს შემთხვევაში   თავისუფლება იყო . თავისუფლებისათვის იბრძოდნენ,  წირავდნენ ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს. თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღვრილი სისხლითაა გაჯერებული  საქართველოს ისტორიის ფურცლები.


 თავისუფლება ბრძოლით მოიპოვება, მაგრამ ეს ბრძოლა უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს უნდა მოუგოს  ადამიანმა. ბრძოლას სჭირდება  ირაღი.  რა იარაღი უნდა გამოვიყენოთ, თუ არა რწმენა. მხოლოდ რწმენით აღჭურვილ ადამიანებს შეუძლიათ  იბრძოლონ გმირულად. რწმენაში  იყო ჩვენი წინაპრების სიძლიერის საიდუმლო.

 ხშირად დამისვამს ჩემი თავისათვის შეკითხვა, რა არის ის  პრობლემა და გადაულახი ბარიერი დღეს საქართველოში, რომ ჩვენ, უკვე დიდი ხნის განმავლობაში, ვერ შევძელით ამ მადლიან მიწაზე ნორმალური ქვეყნის აშენება. ვფიქრობ, ბევრი ფიქრი და განსჯა არ სჭირდება იმას, რომ  ადამიანებს ყველაზე ძალიან გვიჭირს საკუთარი  თავის შეცნობა და ამის მიზეზი ჩვენი ურწმუნოებაა.

განა რწმენამ არ გაატარა პეტრე წყალზე?  ხშირად მწარე ღიმილის მომგვრელია ჩემთვის, როდესაც ჩვენ გარშემო მყოფი  ადამიანები, ნიღბით დაფარული სახით, რიტორიკულად შემოგვძახებენ:
– „მოიცა რა, რა დროს თავისუფლებაა ვერ ხედავ შუა ქალაქში მედრესი გაგვიხსნეს, ჩვენი შვილების დაღუპვა სურთ“  და ა.შ.
 სინამდვილეში რეალობა ხომ  სულ სხვაა, ეს მხოლოდ მათი ხელოვნური პოზაა, რადგან როდესაც  ადამიანი  მარტო რჩება საკუთარ თავთან,  ცდილობს მცირე ხნით მაინც შეიხსნას ნიღაბი და შეიგძნოს თავისუფლების გემო  თავისი სიმწრით და სიტკბოებით.

 შენი თავისუფლება მთავრდება იქ,  სადაც იწყება ჩიორას ცხვირიო –ასე თქვა „ჩვენმა მაღალმა“.  ნეტავ ეხლა ვისი ცხვირია ჩიორას ცხვირის ადგილას. ეხლა ვის ცხვირთან მთავრდება ჩვენი თავისუფლება. რადგან, ყველა ადამიანი პასუხისმგებელია თავისი ქმედებისადმი,  ამიტომ იქ, სადაც თავისუფლება არაა, არც პასუხისმგებლობაა.

 დიდი ილია ბრძანებდა:  „რა გვჭირს? რატომ წავართვით საკუთარ თავს ყველაზე ღირებული სულიერი განძი, რომლისკენაც კაცობრიობა ავად თუ კარგად გაჩენის დღიდანვე ესწრაფვოდა? რამ  დაგვიბინდა აზროვნება?
რამ კი არა, ვინ?
ვინ  და ჩვენ.  მე–შენ, შენ–მას, მან–მე,  ჩვენ სხვებს, სხვებმა სხვებს და ასე ჩამოვყალიბდით არაჯანსაღ საზოგადოებად“. 
მონობა მონობაა, ვისი ყმაც არ უნდა იყო!

მოდით მცირე ხნით მოვიხსნათ ნიღბები და ვიყოთ თავისუფლები!
„მოღალატე როსტომ მეფე კი თრიაქს ეწევა სასახლეში, მუსულმანურ ყაიდაზე აქვს ფეხები მორთხმული და მლიქვნელი კარისკაცების ტკბილსიტყვაობით ხარობს. რასაც შევჭამთ ჩვენია, რაც არა დაკარგულია!

ღმერთი არ სწამს როსტომს და არც მის ამალას. ქრისტიანობა გარკვეული მოსაზრებების გამო შეცვალეს მუსულმანობით. მუსულმანობა კი გარკვეული მოსაზრებების გამო მიიღეს და არიან ასე–არც ქრისტიანნი, არც მუსულმანნი და საერთოდ, არარანი, არაფერნი–„რასაც შევჭამთ ჩვენია...“
–მოასწარით! მოასწარით! თორემ ჩამოჰკრა საათმა, ჟამი არს... დადგა დრო!
ნიუნბერგი! ნიუნბერგი! ნიუნბერგი!
ძრწოდეთ, კაცისმკვლელნო, ფარისეველნო, მოღალატენო, ჯალათნო, უგუნურნო... ძრწოდე შენ, უღმერთო და უერო ბრბოო!
გ. ჭანტურია „მოსე“

No comments:

Post a Comment